დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
ცხოველთა დამცველების მიმართვა
საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს. [email protected]
საქართველოს პრემიერმინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს [email protected]
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ირაკლი კობახიძეს ([email protected])
ჩვენ, ქვემორეხელისმომწერნი, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები და ამომრჩევლები შეგახსენებთ, რომ საქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის კურსი, ხოლო ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია ის პრინციპები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ევროპის სამეზობლოში ინტეგრირებულმა ქვეყანამ; რომ საქართველოში სულ უფრო მკვიდრდება ევროპული ღირებულებები, განუხრელად იზრდება ცხოველთა დამცველთა რიცხვი და იზრდება ინტერესი უსახლკარო ცხოველებისა და მათი უფლებების მიმართ. მიგვაჩნია, რომ:
· საქართველო უახლოეს ხანში უნდა მიუერთდეს ევროპის საბჭოს კონვენციას კომპანიონ ცხოველთა დაცვის შესახებ (EuropeanConventionfortheProtectionofPetAnimals).
· აუცილებელია, ქვეყანას გააჩნდეს ორგანული ჩარჩო კანონი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს და დაიცავს კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებს და სტანდარტებს. მოგახსენებთ, რომ ამა წლის 09. 03. 2016 საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ” (N385). სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტმა გაიარა რამდენიმე საკომიტეტო მოსმენა, არ გაუვლია ყველა აუცილებელი საპარლანენტო პროცედურა დასამტკიცებლად.
საპარლამენტო კომიტეტების, ცხოველთა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შენიშვნები გათვალისწინებულია უკვე ჩასწორებულ ვარიანტში, რომელიც მზად არის მეორე მოსმენისთვის. გთხოვთ დააჩქაროთ პროცესი და განაახლოთ განხილვები.
· სასწრაფოდ გადასახედია ქ. თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული თბილისის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) და მათი პოპულაციების მართვის წესი (2015 წლის 6 აპრილი, N 7-28), რომლის აღსრულებაზე პასუხიმგებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” (საკრებულოს დადგენილება, 2014 წლის 12 დეკემბერი, N17-56). ამ წესით თავიდანვე უხეშად ირღვეოდა საზოგადოების იმ ნაწილის უფლებები, ვინც ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, ასევე მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველების უფლებებიც.. ხსენებული წესის მიღების შემდეგ, საკრებულომ წესში, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, შეიტანა რიგი ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია. აღსანიშნავია,რომ ცვლილებების მიღება მოხდა არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე და გაუმჭვირვალედ, საზოგადოება არ ყოფილა ინფორმირებული წესში შესატანი ცვლილებების შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ ამ პრობლემების მოსაგვარებლად დახარჯული თანხები არაეფექტურად გამოიყენება და შედეგს არ იღებს, რის გამოც სიტუაციამ მიიღო საგანგაშო სახე.
აქედან გამომდინარე კატეგორიულად მოვითხოვთ:
1. ხსენებული სტრუქტურის რეორგანიზაციას, კადრების გადახედვას და ამ საქმიანობისთვის შესაფერისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრებით ჩანაცვლებას. აუცილებელია სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლები ერკვეოდნენ ცხოველთა კეთილდღეობის ნორმებში. დაუშვებელია, ასეთი უწყება დაკომპლექტებული იყოს ამ სფეროში არაკვალიფიციური თანამშრომლებით, რომელთაც არ გააჩნია სათანადო ცოდნა და უნარები.
2. სსიპ- ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობის გათავისუფლებას თანამდებობებიდან, ვინაიდან, ის ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს ეფექტურ და სწორ ფუნქციონირებას.
3. საკრებულოს მიერ მიღებულ, ქ. თბილისში მოქმედი წესისა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დებულების (წესდების) ძირეულად შეცვლას, განხილვის პროცესში ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას და მათი რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას.