დასრულებული
ადრესატი:
- საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს
მოვითხოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობამ თავდაპირველ სტატუსში აღადგინოს დოკუმენტური კინოს მიმართულებით მოღვაწე ავტორ-რეჟისორები
მას შემდეგ, რაც 2013 წელს აჭარის ტელევიზიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიიღო, დოკუმენტური კინო მის პრიორიტეტულ მიმართულებად და შეიძლება თამამად ითქვას, საფირმო ნიშნად იქცა. თემის მრავალფეროვნება, პროფესიონალთა გუნდის მუშაობა განაპირობებდა არა მარტო დადებით შეფასებებს კომპეტენტურ ადამიანთა მხრიდან, არამედ საზოგადოების ინტერესსა და მაღალ რეიტინგს.
ტელევიზიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის 2017 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დოკუმენტური ფილმები გავიდა გარეწარმოებაზე, რასაც მოყვა ავტორ-რეჟისორების სამსახურიდან დათხოვნა.
სატენდერო მოთხოვნით, უნდა შეიქმნას ერთი ისტორიულ-პოლიტიკური ჟანრის ფილმი (სამ ნაწილიანი) - საერთო თემატიკით.
მიგვაჩნია, რომ, დოკუმენტური კინოს, როგორც აჭარის ტელევიზიის შიდაპროდუქციის სეგმენტის შენარჩუნება, სასიცოცხლოდ აუცილებელია; მისი განვითარება უნდა ხდებოდეს მაუწყებლის შიდა რესურსების მოძიებისა და რეალიზების ხარჯზე. აჭარის მაუწყებელი ფლობს საკმარის ფინანსურ, ტექნიკურ და შემოქმედებით რესურსს, რათა გაგრძელდეს ტელეფილმების შიდაწარმოება და ამგვარად არ დაირღვეს უწყვეტობის პრინციპი, - ამ გზით შეინარჩუნოს ის ფართო აუდიტორია, რომელიც წლების განმავლობაში, თემატურად მრავალფეროვანი, რეიტინგული პროდუქციის მიწოდების შედეგად ჩამოყალიბდა.
სატენდერო პირობებისგან განსხვავებით, ადგილობრივი კადრები უფრო ახლოს იცნობენ აჭარის რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას; დოკუმენტალისტებს ხელეწიფებათ, ყოველდღიურ რეჟიმში ასახონ მნიშვნელოვანი მოვლენები, რეგიონის მასშტაბით მიმდინარე საინტერესო დოკუმენტური რეალიები, იმავდროულად, უნიკალური მასალებით, ფილმებით შეავსონ და გაამდიდრონ არქივის ფონდი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სწორედ ადგილობრივი კადრები უნდა ქმნიდნენ დოკუმენტურ კინოპროდუქციას. ამ სეგმენტის ამოქმედება კვლავ და კვლავ უზრუნველყოფს აჭარის ტელევიზიის პროგრამულ პრიორიტეტს - ხელი შეუწყოს ქვეყნის თვითმყოფადობის, სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას.
მოვითხოვთ, რომ დოკუმენტური კინოს მიმართულებით მოღვაწე კვალიფიციურ ავტორ-რეჟისორებს: ოლიკო ჟღენტს, გია დიასამიძეს და ნერონ აბულაძეს, რომლებსაც, 2017 წლის დეკემბერში შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები, მიეცეთ საშუალება, გააგრძელონ შემოქმედებითი საქმიანობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში, დოკუმენტური კინოს მიმართულებით.