საკონტაქტო ინფორმაცია
ბენია ჩხიკვიშვილის საფოსტო მარკა

საჭიროა 4848 ხელმოწერა

152
5000
ადრესატი:
  • თბილისის საკრებულო

ბენია ჩხიკვიშვილის საფოსტო მარკა

გურიაში დაბადებული, პროფესიით მასწავლებელი ბენია ჩხიკვიშვილი  (1880-1924) აქტიურად იყო ჩართული მეოცე საუკუნის დასაწყისის რევოლუციურ მოძრაობაში.

როცა 1905 წელს გურიამ დაუმორჩილებლობა გამოუცხადა რუსეთის იმპერიას და დამოუკიდებელი გურიის რესპუბლიკა შექმნა, მის პრეზიდენტად ერთხმად იყო არჩეული  ბენია ჩხიკვიშვილი. არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან  958 მიიღო. მას უწოდებდნენ გურიის პრეზიდენტს და გურიის მეფესაც. 1906 წელს გურიის მოძრაობა სისხლში ჩაახშეს. ჩხიკვიშვილი დააპატიმრეს და გადაასახლეს.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილი ციმბირიდან დაბრუნდა. ამიერკავკასიის მთავრობამ იგი შავიზღვისპირეთის რკინიგზის მუშათა რწმუნებულად გაგზავნა, ხოლო სოხუმის დემოკრატიულმა თვითმმართველობამ ქალაქის თავად აირჩია. ებრძოდა ბოლშევიკებს ქუთაისის გუბერნიასა და აფხაზეთში, როგორც ქუთაისის საგუბერნიო კომისარი. 1919-1920 წლებში ბენია ჩხიკვიშვილს ეკავა თბილისის მერის თანამდებობა (როგორც აღნიშნავენ, მის დროს დედაქალაქი ,,საგრძნობლად გაეროვნულდა და წინ წავიდა” ); 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი; 1920 წელს იყო ქუთაისის, შემდეგ კი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი; 1921 წლის თებერვალში წითელი არმიის შემოჭრისას დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ–გუბერნატორად, ხოლო შემდეგ, 1921 წლის მარტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

1921 წლის 18 მარტს ბენია ჩხიკვიშვილი დემოკრატიული საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გაიხიზნა უცხოეთში. საფრანგეთში ის იყო ლევილ–სიურ–ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელის მეპატრონე. 

1924 წლის მაისში ბენია ჩხიკვიშვილი დაბრუნდა საქართველოში ამბოხებაში მონაწილეობის მისაღებად. ჩხიკვიშვილს შეეძლო უარის თქმა, რადგან მძიმედ იყო ავად, მაგრამ თავი ვალდებულად ჩათვალა ქვეყნის დასახმარებლად დაბრუნებულიყო, თუმცა აჯანყების სისწორეს არ იზიარებდა. ის მალევე დააპატიმრეს და სუზდალის ციხეში გამოამწყვდიეს.1924 წლის აგვისტოში, ფელიქს ძერჟინსკის ბრძანებით, რომელიღაც რუსულ სადგურზე ჩხიკვიშვილი სხვა ქართველებთან ერთად დახვრიტეს.

წელს სრულდება 100 წელი, მას შემდეგ რაც ჩხიკვიშვილი დახვრიტეს. მიმაჩნია, რომ ასეთ თავგადადებული პატრიოტის საპატივსაცემოდ უნდა გამოიცეს საფოსტო მარკა ბენია ჩხიკვიშვილის გამოსახულებით.