საჭიროა 4783 ხელმოწერა
ადრესატი:
- სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
დაუბრუნდეს ფეხბურთს ნოდარ კიკნაველიძე
ქართულ საფეხბურთო სამყაროში "გარიგებული მატჩების საქმე" ძალიან არასასიამოვნო და სამწუხარო ფაქტია. ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ "გარიგებულ მატჩები" არ უნდა არსებობდეს და ეს გაუმართლებელია. პეტიცია ეხება 2019 წელს დინამო ბათუმისა და ვიტ ჯორჯიას მატჩის დასრულების შემდეგ, ვიტ ჯორჯიას დაკავებული ფეხბურთელებიდან ერთ-ერთს - ნოდარ კიკნაველიძეს.
- ნოდარ კიკნაველიძე არ ყოფილა გარიგებული მატჩების ორგანიზატორი;
- მას არავისთან ჰქონია კომუნიკაცია საკუთარი ინიციატივით და ყოველთვის, მასზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა სხვა პირების მხრიდან;
- მას გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის სურვილი არასოდეს ჰქონია;
- მას არ ამოძრავებდა ანგარება;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ნოდარ კიკნაველიძისათვის ფეხბურთის თამაში არ აუკრძალავს.
ნოდარ კიკნაველიძემ საკუთარი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი წლები სწორედ ფეხბურთს მიუძღვნა.
იგი არ უნდა დაისაჯოს ისე, როგორც დაისაჯნენ "გარიგებული მატჩების" ორგანიზატორები, ინიციატორები, მთავარი შემსრულებლები და აქტიური წევრები. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მისთვის ფეხბურთის თამაში არ აუკრძალავს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა მსგავსი გადაწყვეტილება მაინც მიიღო და საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა.
"გარიგებული მატჩების" პერიოდში, ნოდარზე გამუდმებით ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას არწმუნებდნენ, რომ თუ თანაგუნდელს არ დაეხმარებოდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა, რაც რა თქმა უნდა, უდიდესი სტრესია. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რითაც იგი შეცდომაში შეიყვანეს. მას "გარიგებულ მატჩებში" მონაწილეობის სანაცვლოდ თანხა არც მიუღია. ცხადია, თავად ნოდარ კიკნაველიძე ყველაფერს ნანობს და იცის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა.
გამოძიების მასალებში არსებობს სხვადასხვა აუდიო თუ ვიდეო მტკიცებულებები, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნოდარი "გარიგებული მატჩების" საქმეში ფსიქოლოფიური ზეწოლის ფონზე ჩაითრიეს და მას არ ჰქონია გავლენა შედეგებზე.
მიუხედავად ასეთი დიდი დარტყმისა, ნოდარ კინკაველიძე კვლავაც აგრძელებს ვარჯიშს და მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა ფეხბურთში დაბრუნდება. ნოდარი იყო საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრების წევრი, სხვადასხვა დროს კი უთამაშია "ზესტაფონის", "გაგრას", ბათუის "დინამოს", მარტვილის "მერანის", "ლიახვის", "გურიასა" და "ვიტ ჯორჯიას" რიგებში.
საზოგადოებას თხოვნით მივმართავთ, რომ გვერდში დაუდგნენ 28 წლის ფეხბურთელს და ხელი მოაწერონ პეტიციას, რომელიც მას ფეხბურთში დაბრუნებაში დაეხმარება.