საკონტაქტო ინფორმაცია
შეჩერდეს კანონპროექტი რეგულირების სააგენტოსთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ!

საჭიროა 172 ხელმოწერა

828
1000
ადრესატი:
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეჩერდეს კანონპროექტი რეგულირების სააგენტოსთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ!

საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სამედიცინო თუ ფარმაცევტულ დაწესებულებაში, წინასწარი ინფორმირების გარეშე, რეგულირების სააგენტოს ექნება შესვლის და ნებისმიერი საჭირო დოკუმენტაციის ამოღების შესაძლებლობა ბუნდოვანია და ბადებს  ლოგიკურ კითხვებს.

ბუნებრივია ცალსახად ვემხრობით ნებისმიერ რეგულაციას რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა ამ ცვლილებები საფუძვლად უნდა ჰქონდეს მაგალითები საერთაშორისო გამოცდილებიდან და არსებული წარმატებული პრაქტიკიდან.

გვაქვს კონკრეტული კითხვები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან:

  1. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დღემდე საჩივრის ფორმით არსებული მიმართვების შესწავლასა და პასუხის გაცემას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საშუალოდ სჭირდება დრო 6 თვიდან 2-3 წლამდე. ეს ორი რამით არის გამოწვეული 1-საჩივრების/მიმართვიანობის დიდი რაოდენობა და 2- საკითხზე მომუშავე ადამიანური რესურსის სიმწირე. გთხოვთ განგვიმარტოთ ახალი ინიციატივით, როდესაც სოციალურ ქსელებში არსებული შეტყობინების საფუძველზეც კი შეგიძლიათ დაიწყოთ საკითხის შესწავლა, (რაც ბუნებრივია მინიმუმ გააათმაგებს საჩივრების ოდენობას) რამდენად ეყოფა თქვენს დაწესებულებაში მომუშავე არსებული ადამიანური რესურსი და რამდენად გაზრდის ეს პასუხის გაცემის ვადებს?!
  2. რომელი სოციალური გვერდებიდან მოხდება ინფორმაციის შეგროვება და ჰყავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი კადრი ვინც მოახდენს არსებული ინფორმაციების შესწავლას. სოციალური გვერდების (მათ შორის პირადი) იდენთიფიცირებას. რა კრიტერიუმები არსებობს სოციალურ ქსელში არსებული სტატუსის შესაფასებლად, რომლის საფუძველზეც სამინისტრო მოახდენს რეაგირებას?
  3. რამდენად დაცულია კლინიკა და იქ დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, რომ არ იქცეს არაობიექტური სტატუსის გამო შემოწმების სუბიექტად. რა კრიტერიუმებით განისაზღვრება სტატუსის კეთილსინდისიერება და არასწორი ინფორმაციის შემდეგ რა ფორმით მოხდება ექიმის მორალური ზიანის ანაზღაურება?
  4. მაშინ როდესაც ქვეყანაში არ არსებობს საექიმო საქმიანობის დაზღვევა და ექიმი მარტო დგას ნებისმიერი ობიექტური თუ სუბიექტური საჩივრის განხილვისას, როგორც ფინანსური ასევე მორალური და სამართლებრივი კუთხით, ვფიქრობ ვის ვის და ჯანდაცვის სამინისტროს მართებს ყველა რეგულაციისას ამოსავალ წერტილად გაიხადონ ექიმის თავისუფალი, ღირსეული და დამოუკიდებელი საქმიანობა და იგი არ გახადოს დამატებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სხვადასხვა აბსურდული (მათ შორის პირადი ინტერესით მიზანმიმართული) სტატუსების გამო სამართლებრივი დევნის ობიექტი.

ბატონო მინისტრო, თქვენ  არ ბრძანდებით ექიმი, თუმცა თქვენსავე დაწესებულებაში შეგიძლიათ ნებისმიერ კლინიცისტს ჰკითხოთ თუ რა ფასი (მორალური და ფინანსური) უჯდება თითოეულ ექიმს თუნდაც ექიმის სასარგებლოდ გადაწყვეტილი საკითხის შესწავლისას სასამართლოში, სამინისტროში და ადვოკატებთან სიარულისას დაკარგული დრო, რომელიც აკლდება პაციენტს და აკლდება მის ყოველთვიურ თქვენი რეგულაციით განსაზღვრულ მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას.

შეგიძლიათ იკითხოთ რამდენად დიდი ზიანის მომტანია ექიმისათვის რეპუტაციულად, მასმედიითა და სოციალური ქსელით გაჟღერებული დაუდასტურებელი ბრალდება. ქმნის თუ არა ბარიერს ამ სპეციალისტის მომსახურების საჭიროების მქონე  პაციენტებისათვის მიმართვის კუთხით. რამდენად საკმარისია ამ მორალური და მათ შორის ფინანსური ზიანის ანაზღაურება მხოლოდ სამინისტროსგან მიღებული ,,გამამართლებელი“ წერილით.

ბატონო მინისტრო, ამ პეტიციის საშუალებით მოგმართავთ ასოციაციისა და ჩვენს გვერდით მდგომი უამრავი ექიმის სახელით, კანონპროექტის დახვეწისა და ლოგიკურ ჩარჩოებში მოყვანისათვის შექმენით სამუშაო ჯგუფი სადაც შესაძლებლობა გვექნება ფართო პროფესიული საზოგადოებრივი დისკუსიით წარვადგინოთ ჩვენი ხედვები და მოხდეს ექიმთა ინტერესების გათვალისწინება.