საჭიროა 4603 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ქ. თბილისის 147-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
მოგმართვათ ქ. თბილისის 147-ე სკოლის მშობლები. როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის აგვისტოში დაიწყო 147-ე სკოლის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების თარიღად განისაზღვრა 16.12.2022. მას შემდეგ თავდაპირველ ხელშეკრულებაში შევიდა 10-მდე ცვლილება, რის შედეგადაც შენობის სამუშაოების დასრულების ვადად ჯერ 30.04.2023, ხოლო შემდეგ 30.07.2023 განისაზღვრა. ასევე გადაიწია ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადაც და 27.07.2023-ის ნაცვლად, 20.08.2023 განისაზღვრა. უფრო ნათელი რომ იყოს, თავდაპირველად დადგენილი 450 კალენდარული დღის ნაცვლად, სამუშაო პროცესი 706 დღეზე გაიწელა და 30 ივლისს ეს ვადაც ამოიწურა.
ამჟამად უცნობია, როდის ჩაბარდება სკოლა. დღეისათვის ვერ მივაკვლიეთ დოკუმენტს, სადაც საბოლოო ვადები იქნება განსაზღვრული. სკოლის შენობასა და ეზოში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჯერ კიდევ შესასრულებელია. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ახალ სასწავლო წელს სკოლაში ბავშვების დაბრუნების საკითხი.
რემონტის პერიოდში მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ მახლობლად მდებარე სკოლებში. მათ ნაწილს მოუწია ონლაინ გაკვეთილების გაგრძელება. მნიშვნელოვნად შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობა (30 წთ) და ნაწილის გრაფიკი განისაზღვრა მესამე ცვლაში: (14:30-18:00 სთ) .
დაგვეთანხმებით, რომ აღნიშნული გრაფიკი და გაკვეთილების ხანგრძლივობა ვერ აკმაყოფილებს მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებებს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მშობლებს თითქმის არ მოგვეწოდება ინფორმაცია რეაბილიტაციის პროგრესის, ვადების ცვლილებისა თუ შეფერხებების მიზეზების შესახებ.
ჩვენ მრავალჯერ მივმართეთ სკოლის ადმინისტრაციას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს: მათ შორის ცხელ ხაზზე, ფბ გვერდზე, მეილზე და სკოლაში გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება და დავსვით კითხვები. თუმცა შედეგს ვერ მივაღწიეთ. არავინ რეაგირებს ჩვენს წუხილებზე და არ გამოხატავს შეწუხებას შექმნილი დისკომფორტის გამო. მშობლებს შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ საგანმანათლებლო სისტემაში ბავშვების ხარისხიანი განათლება პრიორიტეტული არ არის.
საბოლოოდ, პანდემიისა თუ სკოლის რეაბილიტაციის მიზეზებით, ჩვენი შვილებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლება, ბოლო 3.5 წლის განმავლობაში, რითაც ირღვევა მათი საბაზისო უფლებები.
აღნიშნულ ვითარებაში - დაუსრულებელი რემონტის, მშობლების წუხილებისა და ბავშვების საჭიროებების უგულებელყოფის, ასევე კვლავაც ბუნდოვანი ვადების პირობებში, მშობლები იძულებული ვხდებით, მივმართოთ პროტესტის რადიკალურ ზომებს:
ჩვენ ვაცხადებთ, რომ სასწავლო პროცესს ჩვენი შვილები მხოლოდ 147-ე სკოლის შენობაში შეუერთდებიან. შესაბამისად, თუ 15 სექტემბრისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული არ იქნება, უარს ვამბობთ საგაკვეთილო პროცესში ჩართვაზე.
ჩვენ მოვითხოვთ:
1. მოგვეწოდოს განახლებადი ინფორმაცია რეაბილიტაციის პროგრესის შესახებ.
2. განისაზღვროს დასრულების თარიღი და დაეკისროს პასუხისმგებელ კომპანიას ვადაგადავილებების შესაბამისი ჯარიმები.