საკონტაქტო ინფორმაცია
მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს

დასრულებული

6078
6000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს

მივმართავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა კიბოს მკურნალობაზე!

 ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ შორის ონკოლოგიურ პაციენტებს, საქართველოს კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული უფლება გვქონდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურეობა;  

საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ აღიარებს „მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარ ხელმისაწვდომობას“; საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის ზოგადი მიზანი განსაზღვრულია როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის და ფინანსური ტვირთის თანაბარი გადანაწილების გზით!

 ყოველივე ამის საფუძველზე, ჩვენ, ონკოლოგიური პაციენტები და მათი ახლობლები  ვითხოვთ სრულ, თანაბარ და სამართლიან ხელმისაწვდომობას ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რისთვისაც საჭიროა:

1. დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედება, რომ პაციენტმა შეძლოს პერსონალიზებული, დაავადებაზე მორგებული, სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება

დროებითი გადაწყვეტა: დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედებამდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მკურნალობისთვის გამოყოფილი წლიური ლიმიტის გაორმაგება, წინასწარ განსაზღვრული დიაგნოზების მქონე პაციენტებისთვის, რათა მათ არ მოუწიოს მკურნალობის შეწყვეტა ფინანსების ამოწურვის გამო

2. კერძო დაზღვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის იდენტური ბაზისური სავალდებულო ონკოლოგიური პაკეტის შექმნა, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პაციენტს, მიეცეს მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

ონკოდაავადებების მართვაში დღეს არსებული მდგომარეობა, ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები:

საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე არასრულყოფილი და  არათანაბარი ხელმისაწვდომობა  გამოიხატება შემდეგში:

1. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სრულფასოვანი  ონკოლოგიური მკურნალობისთვის გამოყოფილი  ბიუჯეტი არასაკმარისია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული ლიმიტი (25 ათასი ლარი) სრულად ფარავს ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის მკურნალობის ხარჯებს, თუმცა არ არის საკმარისი ინოვაციური მედიკამენტით სრულყოფილი მკურნალობის ჩასატარებლად, რის გამოც პაციენტები ლიმიტის ამოწურვის შემდეგ წყვეტენ მკურნალობას ან არჩევენ ნაკლებ ეფექტურ, მაგრამ ფინანსურად დამზოგველ რეჟიმებს, რაც წარმოადგენს არაეფექტური მკურნალობის და ბიუჯეტის ნაკლებ ეფექტური ხარჯვის მიზეზს. აღსანიშნავია, რომ პაციენტებისთვის ძირითად ფინანსურ ტვირთს ქმნის ინოვაციური მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებიც, თავის მხრივ, ზრდიან განკურნების და სიცოცხლის გახანგრძლივების ალბათობას და ამცირებენ სიკვდილობას. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ:

ა) ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისას პერსონალიზებულ მიდგომას და დიაგნოზთან შეჭიდული ბიუჯეტირების გამოყენებას

ბ) დიაგნოზთან შეჭიდული ბიუჯეტირების სისტემაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გამოყოფილი წლიური ბიუჯეტის გაორმაგება წინასწარ განსაზღვრული დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის

2. კერძო დაზღვევა არ ფარავს ონკოლოგიურ მკურნალობას

პაციენტებისთვის, რომლებიც სარგებლობენ კერძო დაზღვევით და არ არიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა  მინიმალურია,  რადგანაც კერძო დაზღვევა არ ფარავს ონკოლოგიურ მკურნალობას. საქართველოს მოქალაქე, რომელიც სარგებლობს კერძო დაზღვევით, ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში არის განწირული მძიმე ფინანსური ტვირთისთვის. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს ქვეყანაში ონკოლოგიური სერვისებზე  არათანაბარ წვდომას. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ:

ა) საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტი აღიარებულ იქნას ქვეყანაში სავალდებულო ბაზისურ  ონკოლოგიურ პაკეტად კერძო დაზღვევისთვის, რაც აღმოფხვრის საქართველოს მოქალაქეებისთვის ონკოლოგიურ  სერვისებზე წვდომის უთანასწორობას

ბ) უზრუნველყოფილ და ხელშეწყობილ იქნას საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობა,  მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად

ონკოლოგიური მკურნალობის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის ბენეფიციარებს შორის, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და კატასტროფული ხარჯების რისკის შემცირება ინოვაციურ მკურნალობასთან დაკავშირებით დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების სისტემაზე გადასვლის გზით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულყოფილი მკურნალობის შესაძლებლობა, გამოიწვევს საერთო გადარჩენადობის გაზრდას, სიკვდილობის შემცირებას, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას, ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვას და ჯიბიდან გადახდის შემცირებას.

პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობისათვის ფინანსების არარსებობის გამო!

# სრულფასოვანი მკურნალობა უწყვეტი ზრუნვა

# ხელმისაწვდომი მკურნალობა ყველას

 პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და მხარს ვუჭერ (ვეთანხმები) საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას კიბოს მკურნალობაზე ზემოთხსენებული დებულებების მიხედვით.

წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის.

კოალიციაევროპა დონა საქართველო

კავკასიის ონკოსაზოგადეობა „Hope”