დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
შეწყალება თეა სირაძეს ! 28 წლით პატიმრობამისჯილ ოთხი შვილის დედას !
შეიწყალეთ ოთხი შვილის დედა თეა სირაძე !
ბატონო გიორგი,
ვფიქრობთ, რომ თუკი საქართველოში ვინმე იმსახურებს შეწყალებას, ეს უპირველეს ყოვლისა სწორედ თეა სირაძე გახლავთ, რომელიც ოთხი შვილის დედა და გამოჩენილი ქართველი სპორტსმენია, ამასთანავე მისი სასჯელი, რბილად რომ ვთქვათ უაღრესად არაადეკვატურია და 28 წელს შეადგენს !
37 წლის თეა სირაძეს, 2010 წელს 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო 28 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ოთხი შვილის დედის ბრალდება ოფიციალურად საკმაოდ მძიმეა, მას ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება ბრალად, თუმცა მსჯავრდებული ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა. სასჯელი, 28 წელი ამინისტიის წყალობით შეუმსუბუქდა და ახლა მას 13 წელი დარჩა მოსახდელი. ქვემოთ მოგვყავს ამონარიდი მისივე მონათხრობიდან, რომლის გაბათილება დღემდე არცერთი საჯარო სტრუქტურის წარმომადგენელს, არც კი უცდია...
თეა სირაძე: " 5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. 4. 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები. უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, - შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?".
თეა სირაძეს უფროსი შვილი ამჟამად 20 წლისაა, შემდეგი 12 წლის, ხოლო უმცროსები 7 და 8 წლის. მათ თეას დედა და მეუღლე ზრდის, მათ კი დედის მზრუნველობა და სითბო სწორედ ახლა ჰაერივით სჭირდებათ...
ბატონო გიორგი, გვაქვს რა თქვენი სამართლიანობისა და ჰუმანურობის იმედი, ვთვლით, რომ თქვენ აუცილებლად უნდა შეიწყალოთ ოთხი შვილის დედა თეა სირაძე. ეს გადაწყვეტილება კი უდაოდ ერთადერთი სწორი და სამართლიანი იქნება, რადგან ყოველივე ზემოთქმულთან ერთად თეა სირაძის 28 წლიანი პატიმრობა, უმძიმეს დანაშაულებებთან დაკავშირებული ივანე მერაბიშვილს, ბაჩანა ახალაისა და გიგი უგულავასა 5-10 წლიანი საპატიმრო ვადის ფონზე უსამართლობისა და ცინიზმის აპოგეის გარდა სხვა არაფრად შეიძლება შეფასედეს !