საკონტაქტო ინფორმაცია
დაფინანსდეს სტუდენტების მიმდინარე სემესტრის საფასური სახელმწიფოს მიერ!

საჭიროა 1455 ხელმოწერა

545
2000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

დაფინანსდეს სტუდენტების მიმდინარე სემესტრის საფასური სახელმწიფოს მიერ!

მიმდინარე მწვავე ეპიდემიის ფონზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივად სრულად შეჩერებულია ეკონომიკა და მოსახლეობის უმრავლესობა ყოველგვარი შემოსავლის წყაროს გარეშეა დარჩენილი, არ შეჩერებულა სწავლება უნივერსიტეტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებსა და მათ ოჯახებს კვლავ მძიმე ტვირთად აწევთ სწავლის საფასურის გადახდა.

მიუხედავად საზოგადოების აქტიური ზეწოლისადა არაერთი მოწოდებისა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის ვერცერთ ნაწილში ვერ მოხვდნენ სტუდენტები. სამწუხაროდ მთავრობა არ ითვალისწინებს არცერთ ინიციატივას და დღემდე არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა სტუდენტებისა და მათი ოჯახების ხარჯის შესამსუბუქებლად.

ჩვენ, ლეიბორისტული პარტია საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ხელისუფლებამ დროულად წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ყველა სტუდენტისათვის, პანდემიის დროს, მიმდინარე სემესტრის სასწავლო საფასურის 1125 ლარის ოდენობით უზრუნველყოფა.

დღეის მონაცემებით სულ ქვეყანაში, უმაღლესი სასწავლებლის ყველა საფეხურზე 148 803 სტუდენტი სწავლობს ფასიან ფაკულტეტზე, რომელთაგან გრანტის არ მქონე სტუდენტებისათვის   მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის დაფარვა ხელისუფლებას სულ 144 480 375 ლარი დაუჯდებოდა.

იმ ფონზე, როდესაც მთავრობის თქმით პანდემიისაგან მიღებული ზარალის შესამსუბუქებლად გამოიყო 3.5 მლრდ ლარი, საიდანაც 600 მლნ ლარს ბანკები, 200 მლნ ლარს სამშენებლო კომპანიები, 50 მლნ ლარს ავტოიმპორტიორები და 600მლნ ლარს სხვა ბიზნესები მიიღებენ, ვერ გამოინახა 145 მლნ ლარამდე თანხა იმისათვის რომ 140 000-ზე მეტმა სტუდენტმა არ დაკარგოს სტუდენტის სტატუსი და განათლება დარჩეს მათთვის ხელმისაწვდომი!

საბოლოო ჯამში, მაშინ როცა ქვეყანაში 40 000-ზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს, როცა პანდემიამ უმუშევარი დატოვა მოსახლეობის სრული უმრავლესობა, ხელისუფლება კი მხოლოდ ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანებს დაეხმარება 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარიან კომპენსაციით, ხოლო 820 000-ზე მეტი თვითდასაქმებულიდან მხოლოდ 250 000 ადამიანი მიიღებს ერთჯერად 300 ლარიან შემწეობას, ეს ყოველივე ნიშნავს იმას, რომ ათიათასობით სტუდენტს ემუქრება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა! 

საჭიროა ხელისუფლებამ დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის მომავალი თაობის დასახმარებლად და სრულად დაფაროს მიმდინარე სემესტრის გადასახადები 145 მლნ ლარამდე ოდენობით. ეს თანხა კი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ხელისუფლება პანდემიის პერიოდში არამიზნობრივ ტენდერებში ხარჯავს, რაც ჯამურად 200 მლნ ლარს აღემატება. მაგალითისთვის, მსგავსი ტენდერები ითვალისწინებს ყინულის მოდენის, სკვერების, კარუსელებისა და შადრევნების მოსაწყობას.