დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
ცივი იარაღის, მულტიფუნქციური ინსტრუმენტის და სხვა სამეურნეო დანიშნულების ხელსაწყოს კატეგორიების განსაზღვრა და კატეგორიების შესაბამისად მფლობელის უფლებების ჩამოყალიბება
ვინაიდან დღევანდელი მოქმედი საქართველოს კანონი იარაღის შესახებ და საქართველოს კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის ხარვეზიანი, მათში არ გვაქვს განმარტება თუ რა კატეგორიის ცივი იარაღი, მულტიფუნქციური ინსტრუმენტი და სხვა სამეურნეო დანიშნულების ხელსაწყო მიეკუთვნება ცივ იარაღს, რაც შედეგად გვაძლევს იმას, რომ ნებისმიერ მრავალფუნქციური ხელსაწყოს, რომელსაც აქვს მცირე ზომის დანა არის ცივი იარაღი და მისი ტარება აკრძალულია.
აღნიშნული განზოგადება, ვფიქრობთ, რომ ზიანს უპირველეს ყოვლისა აყენებს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას - საკუთრების უფლებას. სამწუხაროდ, დღევანდელი ბუნდოვანი კანონმდებლობით და არასწორედ დანერგილი პრაქტიკით ხშირად რიგით ადამიანებს და პროფესიული საქმიანობით დაკავებულ პირებს საქმიანობის შესრულებისას ეშლებათ ხელი. ამავდროულად, დღეს მოქმედი ბუნდოვანი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირის შემოწმებისას ირღვევა სხვა სხვა ძირითადი უფლებები (პირის იდენთიფიცირებისას, ვიზუალური დათვალიერებისას, რომელიც სამწუხაროდ იზრდება ჩხრეკაში, პირის განყოფილებაში გადაყვანისას, როდესაც არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი, და ხშირად ნივთის დროებით რამოდენიმე დღით ჩამორთმევისას, რაც ასევე უსაფუძვლოა).
• ამავდროულად, საჭიროა დანის გადატანის კონკრეტული რეგულაცია რათა ნებისმიერი სახის დანის მატარებელმა (როდესაც ეს მისი საქმიანობაა, საჭიროებაა, არის მცირე ზომის და აშ) ან მისი შეძენის შეძენის შემდგომ არ დადგეს პირის პასუხისმგებლობის საკითხი ცივი იარაღის ტარებისათვის.
• ზემოაღნიშნული ხარვეზების, ბუნდოვანობისა თუ არასწორედ დანერგილი პრაქტიკის გამო, დღეს იმდენად ქაოტურია სიტუაცია, რომ ზარალდება უამრავი ადამიანი, რომელსაც ძირითადად თან აქვს: 1. მულტიფუნქციური ხელსაყო - დანით; 2. მცირე ზომის დანა; 3. სამეურნეო დანიშნულების დანა; 3. პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით განკუთვნილი მრავალფუნქციური ხელსაწყო - დანით; 4. გადაადგილებისას, პირს აქვს ისეთი კატეგორიის დანა, რომელიც მას ჭირდება თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის; 5. ისეთი კატეგორიის დანა, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელებისათვის.
• ზუსტად ამ გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა უამრავი კანონდარღვევა, უფლებების დარღვევა, გაურკვევლობა რაც პირდაპირ ზიანს აყენებს პირველ რიგში იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული ნივთები (დღეს კანონმდებლობა ყველა ზემოთ ჩამოთვლილს და არა მხოლოდ მათ, ეძახის პირდაპირ მხოლოდ - „ცივ იარაღს“) ესაჭიროებათ სწორედ ყოველდღიური საქმიანობისათვის, ან ამ ნივთების პირთან ქონის საჭიროება გამოწვეულია მისი დანიშნულების ადგილამდე გადატანის გამო, ხოლო გადაადგილება არ უნდა ნიშნავდეს მხოლოდ სანადიროდ ან სათევზაოდ წასვლას (რაც ყოველთვის სადავოა და რთულად სამტკიცებელი), როგორც დღეს მოქმედ კანონშია წარმოჩინებული.
• ასევე, სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ ზიანს აყენებს და თითქმის ზღუდავს ქართულ ტრადიციებს, რაც უკავშირდება დანების შექმნას, მჭედლობას და ამ ტრადიციების გაგრძელებას.
• გასათვალისწინებელია, რომ ისევ ასეთი კანონმდებლობა და რეგულაცია პირდაპირ ზიანს აყენებს უშუალოდ დანის ოსტატებს, შემქმნელებს, კოლექციონიერებს, უბრალოდ მფლობელებს, მონადირეებსა და მეთევზეებს, სხვა მოყვარულებს, ბიზნესს, სოციალურ ქსელში შემეცნებით განმხილველებს, გამოფენებისა თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზატორებს და მათ ჩატარებას და აშ.
მოთხოვნები:
1. მიგვაჩნია, რომ კანონის სრულყოფის მიზნით ამ ეტაპზე (პირველ ეტაპზე) მიზანშეწონილია განისაზღვროს კონკრეტულად დანის განმარტება (განცალკევებით ცივი იარაღისგან, ან „ცივ იარაღში“ ცალკე მოხსენიებულ იქნეს დანა და მისი კონკრეტული ქვეკატეგორიები მახასიათებლების, დანიშნულების მიხედვით), სხვა მრავალფუნქციური ხელსაწყოების განმარტება და შესაბამისად მოხდეს მათი კატეგორიების სრული განსაზღვრა და კლაციფიკაცია.
2. ასევე, მიგვაჩნია, რომ შესაძლოა კანონში არსებულმა ჩანაწერმა და აკრძალვამ - „უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში“ იარსებოს, მაგრამ აუცილებლად კანონმდებლობაში კონკრეტულად უნდა გაიწეროს მფლობელთა და მოსარგებლეთა უფლებები კონკრეტული ცივი იარაღის/დანის კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მიხედვით.
3. ასევე, უკიდურესად მიუღებელია კანონში იარსებოს ცივი იარაღის, მულტიფუნქციური ინსტრუმენტის და სხვა სამეურნეო დანიშნულების ხელსაწყოს კონფისკაციის შესახებ ჩანაწერმა. ეს საკითხი ისევ და ისევ პირდაპირ კავშირშია ადამიანის კონსტიტუციურ უფლება - საკუთრების უფლებასთან.