საჭიროა 473 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
უკრაინაში ომით დაზარალებული ბავშვების, ასევე ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საარსებო წყაროს მოკლებული უკრაინელი დედების საქართველოში განთავსების თაობაზე
უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგად, მრავალმა უკრაინელმა ბავშვმა დაკარგა საცხოვრებელი, ზოგიერთმა კი მშობლებიც. არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს არაერთ მოქალაქეს აქვს სურვილი ომის პერიოდში საკუთარ ოჯახებში შეიფაროს მზრუნველობას მოკლებული უკრაინელი ბავშვები და ჩვილ ან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საცხოვრებლისა და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი უკრაინელი ქალები.
ზემოაღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, განმცხადებლები და კიდევ არაერთი ქართული ოჯახი გამოთქვამს სურვილს საკუთარ ოჯახებში მიიღოს უკრაინელი ბავშვები და ჩვილ ან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საარსებო პირობების გარეშე დარჩენილი უკრაინელი ქალები. ისინი მზად არიან დააფინანსონ როგორც მათი საქართველოში მგზავრობის და შემდეგ უკან უკრაინაში დაბრუნების ხარჯები, ასევე საქართველოში მათი ყოფნის პერიოდში საჭირო ყველა ხარჯი (მკურნალობა, კვება, დასვენება, სწავლა და სხვა).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვთხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და უკრაინის საელჩოსთან კოორდინაციით (საჭიროების შემთხვევაში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით), დაჩქარებულ რეჟიმში შეიმუშავოს უკრაინელი ბავშვებისა და დედების საქართველოში ოჯახებში განთავსებისთვის საჭირო პროცედურა და გამოყოს აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირი.
აქვე გაცნობებთ, რომ განმცხადებლები მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ პროცესში და წარმოვადგინოთ ყველა ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ბავშვებისა და დედების ჩვენს ოჯახებში განთავსების შესაბამისი პირობების დადასტურებისათვის.