დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
გავერთიანდეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად!
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ბავშვების განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც ოჯახების უმეტესობას არ გააჩნია. UNICEF-ის 2015 წლის ანგარიშში, რომელიც ეფუძნებოდა ,,კეთილდღეობის მონიტორინგის კვლევას’’ (WMS) აღნიშნულია, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვების 70% სიღარიბის რისკის ქვეშ იმყოფება (13% ცხოვრობს ქრონიკულ სიღარიბეში; 23 - მოწყვლადია სიღარიბისადმი, 31% დაუცველი, 29% ელასტიური, ხოლო შეძლებული მხოლოდ 4%-ია). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები, სიღარიბის მხრივ, ერთ-ერთი რისკ-ჯგუფად არიან განხილული, სახელმწიფოს ჩართულობას, მათი დაცვისა და დახმარების პროცესში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევები გავლენას ახდენს მათ ოჯახებზეც. ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები ამცირებს მათზე მზრუნველი პირების დასაქმების სურვილსა და შესაძლებლობას, ვინაიდან ხელფასის დიდი ნაწილი ისევ ბავშვის მოვლაში იხარჯება, ხოლო არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ხშირად არც ამ მიმართულებით არის საკმარისი. ოჯახის შემოსავლის ზრდასა და ბავშვთა კეთილდღეობის გაძლიერებაზე მორგებული პოლიტიკის გატარება, ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ბავშვთა კეთილდღეობის ზრდას, არამედ ქვეყანაც დამატებით სარგებელს მიიღებდა უფრო პროდუქტიული სამუშაო ძალისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სტიმულის გაჩენით.
,,მშობელთა საინფორმაციო ცენტრის’’ მიერ შესწავლილი იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული შეღავათები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. საქართველოს საგადასახო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თვისუფლდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აგრეთვე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე’’.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტერესების უპირატესობას ხაზს უსვამს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია ასევე, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის 23-ე მუხლიც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია პრეამბულაშივე, უსვამს ხაზს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახების გაძლიერების მნიშვნელობას და ამბობს, რომ ,,ისინი უნდა იღებდნენ იმ აუცილებელ დაცვასა და დახმარებას, რაც საშუალებას მისცემს ოჯახებს თვიანთი წვლილი შეიტანონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სრულ რეალიზებაში.’’
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური დაცვის ეფექტური სისტემის არქონა უარყოფითად აისახება საქართველოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. UNICEF-ის რეკომენდაციის თანახმად, ,,მიზანშეწონილია განვითარდეს სამართლებრივი ჩარჩო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური დაცვის, სიღარიბის შემცირების და სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების მიწოდების უზრუნველსაყოფად.’’
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მშობელთა საინფორმაციო ცენტრი’’ აუცილებლად მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების ან/და მათზე მზრუნველი პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე, გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ თემად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ადამიანების უმრავლესობისთვის ხშირად ცხოვრების რუტინად ქცეული ისეთი აქტივობები, როგორიც შვილებთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ქუჩაში სეირნობა თუ უბრალოდ მაკდონალდში ჩიზბურგერის ჭამაა, სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის ყოველდღიურ ბრძოლას წარმოადგენს. შვილების საზოგადოების სრულფასოვნად ჩამოყალიბების და სხვა ბავშვების თანასწორად სოციუმის ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ისინი არაერთ ბარიერს აწყდებიან, რომელსაც ყველაზე ხშირად სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ჩართულობა და სფეროს შესახებ საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე ქმნის.
სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ საჯარო პოლიტიკის დონეზე მოახდინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისა და კანონიერი მეურვეების მხარდაჭერა, გაუწიოს მათ ოჯახებს სათანადო დახმარება, რათა გაუმჯობესდეს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხი და მშობლებმა/კანონიერმა მეურვეებმა ბავშვის აღზრდაში თავიანთი მოვალეობის სრულფასოვანი შესრულება შეძლონ.
მოგმართავთ თხოვნით, ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას და მხარი დაგვიჭირეთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სხვა ბავშვების თანასწორად ცხოვრობდნენ საქართველოში.