დასრულებული
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს სსიპ ქალაქ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების მიმართვა
ბატონო გიორგი,
მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა, თავისი ეროვნული ტრადიციების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საუკეთესოდ გამართული სასწავლო პროცესის წყალობით, ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში. სკოლა 1982 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი მისია იყო საბჭოთა სივრცეში თავისუფალი, დემოკრატიული ფასეულობების, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოსწავლეების აღზრდა. სკოლამ გაუძლო 9 აპრილს, სამოქალაქო დაპირისპირებას, მმართველობის ყველანაირ რეჟიმს ისე, რომ არ უღალატია თავისი პრინციპებისთვის და ჰქონდა მაღალი მიმღებლობა განსხვავებული აზრის და მისი კანონიერი გამოხატვის მიმართ.
ამ პრინციპების მიმდევარი და მატარებელია ქალბატონი თამარ ამზაშვილი, რომელიც ე.წ. „გერმანული სკოლის“ შექმნის დღიდან იყო დასაქმებული სკოლაში მასწავლებლად და პირადი მაგალითით ბევრ ახალგაზრდას მისცა საშუალება განევითარებინათ საკუთარი შესაძლებლობები, ყოფილიყვნენ თავდაჯერებულები, რეალიზებულები და მიეღწიათ წარმატებას მათთვის საინტერესო სფეროში. „გერმანული სკოლის“ შემდეგ მან პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის გზაც გაიარა და ათი წლის წინ ჩაუდგა უკვე საჯარო სკოლას სათავეში. ამ წლების განმავლობაში ბევრი გამოწვევა მივიღეთ და სკოლამ არაერთხელ ღირსეულად დაამტკიცა თავისი სიძლიერე.
სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ყველა სიახლეს და რეფორმას 21-ე საჯარო სკოლა სრული მზადყოფნით შეხვდა, ყოველთვის მოწინავეთა შორის იყო და ერთიანი ძალებით შევძელით, არამც თუ შეგვენარჩუნებინა განათლების მაღალი ხარისხი, არამედ განგვევითარებინა იგი.
- ამ წლებში სკოლის კონტინგენტი გაიზარდა 400-მდე მოსწავლით;
- სკოლამ ერთ-ერთმა პირველმა დიდი წარმატებით გაიარა 2 ავტორიზაციის პროცესი (როგორც ზოგადსაგანმანათლებო, ასევე ინტეგრირებული) და განათლების სისტემის ექსპერტების საყოველთაო აზრით, არის საუკეთესო ამ კუთხით.
- სკოლა წარმატებით მონაწილეობდა "ახალი სკოლის მოდელში" საპილოტე პერიოდიდანვე და ასევე საყოველთაო შეფასებით, ბევრი სხვა სკოლისთვის გზის მაჩვენებელიც გახდა.
- სკოლა ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, პარტნიორულ ურთიერთობებში გერმანულ სასწავლებლებთან, რაც ჩვენს მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა და სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო პროგრამების სტიპენდიები მოიპოვონ.
- 21-ე საჯარო სკოლა იყო და არის პირველი და ყველაზე მასშტაბური გერმანული ენის დიპლომის სკოლა ამიერკავკასიაში. ჩვენი კურსდამთავრებულების მნიშვნელოვანი ნაწილი სწავლას წარმატებით აგრძელებს გერმანიის უნივერსიტეტებში.
- სკოლა ჩართულია საერთაშორისო პროგრამაში „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ (PASCH) და 2019 წლიდან მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 2000 სკოლას შორის შეუცვლელად იმყოფება საუკეთესო სამეულში თავისი პროექტებით.
- მიუხედავად შეზღუდული ინფრასტრუქტურისა, სკოლაში მაღალ დონეზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რომელსაც ყველა საგანში მაღალკვალიფიციური პედაგოგები უძღვებიან, გვყავს 4 სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოს ავტორი.
ცხადია, ეს ყველაფერი უკავშირდება სკოლის ადმინისტრაციისა და მისი ლიდერის, კერძოდ, ქალბატონი თამარის კომპეტენტურ მენეჯერულ მიდგომებს, მაღალ თანამშრომლობით კულტურას, მოტივაციისა და მხარდაჭერის მიმცემ მართვის სტილს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ბოლო წლების განმავლობაში დასაქმდა არაერთი ახალგაზრდა პედაგოგი, რომელთა ენერგია და ახლებური ხედვები ბუნებრივად შეერწყა გამოცდილი პროფესიონალების მუშაობის წესს. ეს ყოველივე განაპირობებს სკოლაში საქმიან, კოლეგიალურ, პოზიტიურ ატმოსფეროს, რაც ასევე წარმოუდგენელია დირექტორის ჩართულობისა და მუდმივი მხარდაჭერის გარეშე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაოცებულები ვართ ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებით და ინფორმაციით, რომელიც ამა წლის 27 აგვისტოს გახდა ცნობილი: მინისტრის დისკრეციული უფლებით დაგვენიშნა ახალი დირექტორი, თუმცა თქვენგანვე არაერთხელ იყო გაჟღერებული, რომ არ გამოიყენებდით ამ უფლებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბათ შესაძლებელი იყო საქმისადმი ასეთი თავდადებული და მაღალი პროფესიული კომპეტენციის მქონე ადამიანის მიმართ სისტემას მინიმუმ პატივისცემა გამოეხატა.
სამწუხაროდ, ყველასთვის ცნობილია, რა მიზნით და როგორ მიმდინარეობდა დირექტორობის კანდიდატების შესარჩევი, კანონმდებლობით გაწერილი პროცედურა. ამიტომ, ნურავინ შეიწუხებს თავს მოგვცეს განმარტება ე.წ. შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც არ წარადგინა ქალბატონი თამარი და დატოვა მოვალეობის შემსრულებლად. ესეც ძალიან კარგად ვიცით, თუმცა ჩვენთვის დიდი იმედი იყო იმავე პოზიციაზე მისი ხილვა.
იქიდან გამომდინარე, რომ გასული სასწავლო წლის წარმატებით დასრულების და ზაფხულის განმავლობაში ახალი სასწავლო წლისთვის მზადებაში ჩართული იყო სკოლის ადმინისტრაცია ქალბატონი თამარის ხელმძღვანელობით, ცხადია, გვქონდა მოლოდინი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა.
სკოლას ყოველთვის ჰქონდა ამბიცია ყოფილიყო ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულება და ჰყოლოდა მაღალი კვალიფიკაცის მქონე ლიდერი და მასწავლებლები.
ცოტა გაოცებას და შიშს იწვევს, წლების წინ ამავე სკოლაში მანდატურად ნამუშევარი კადრის დანიშვნა ხელმძღვანელად და მართალი გითხრათ, ის ინფორმაცია, რაც თავად მოვიძიეთ ამ კანდიდატის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესახებ, არ გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ დანიშნული დირექტორი მზადაა იმ დიდი გამოწვევისთვის, რასაც 21-ე საჯარო სკოლის მართვა ჰქვია. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ სკოლაში მისი დანიშვნა შესაძლოა სხვა მიზნებს ემსახურებოდეს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ სასკოლო საზოგადების საყოველთაო აზრი, გადახედოთ თქვენს გადაწყვეტილებას, რათა არ შეექმნას საფრთხე სასწავლო პროცესის სრულფასოვნად დაწყებას სკოლაში და მისცეთ უფლება ქალბატონ თამარ ამზაშვილს, გააგრძელოს სკოლაში დირექტორის მ/შ საქმიანობა.
პატივისცემით,
სსიპ ქალაქ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება