საკონტაქტო ინფორმაცია
თავისუფლება აფგან სადიგოვს - კამპანია „ამომრჩევლების“ პეტიცია

საჭიროა 943 ხელმოწერა

57
1000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

თავისუფლება აფგან სადიგოვს - კამპანია „ამომრჩევლების“ პეტიცია

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს, სასამართლომ დაკავებულს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა. მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება მთავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ რეპორტიორს გამოძალვაში ადანაშაულებს და პატიმრის გადაცემას ითხოვს.

ვინ არის აფგან სადიგოვი?

სადიგოვი გამოცემა Azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, რომელიც ჟურნალისტმა 2015 წელს დააფუძნა. მედია საშუალება საინფორმაციო ვებგვერდისა და YouTube არხის სახით არსებობდა და ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სადიგოვის გუნდმა არაერთი სტატია და რეპორტაჟი მოამზადა აზერბაიჯანში გამეფებული კორუფციისა თუ უსამართლობის წინააღმდეგ.

გამოცემის ამუშავებისთანავე მთავარი რედაქტორი მრავალჯერ გახდა ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი.  2015-2022 წლებში აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა ბ-ნი სადიგოვი სამჯერ დააკავეს (დაკავებისას იგი რამდენიმე დღით უგზოუკვლოდ იკარგებოდა, სამართალდამცველები გატაცებულს სცემდნენ). ყოველი პატიმრობის პარალელურად ოფიციალური უწყებები თავს ესხმოდნენ Azel.tv-ის რედაქციას, ანადგურებდნენ ტექნიკას, არქივებსა და ვებგვერდის ინფრასტრუქტურას, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მაუწყებლობის გაგრძელება. გათავისუფლების შემდეგ სადიგოვს ხელახლა უწევდა ყველაფრის ნულიდან დაწყება. ბუნებრივია, მუდმივი მუქარისა და შევიწროვების პირობებში ცხოვრობდნენ მრავალჯერ გატაცებული და დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე (მისივე კოლეგა) და ორი არასრულწლოვანი შვილი.

სადიგოვი ყველაზე ხანგრძლივი ვადით 2020 წელს დააპატიმრეს. ოპოზიციონერს ბრალი დასდეს ჩინოვნიკისთვის ფულის გამოძალვაში (თითქოს მან ქრთამი აიღო, რათა არ გამოექვეყნებინა ერთ-ერთი ჩინოვნიკის შესახებ მოპოვებული მაკომპრომეტირებელი მასალა). ციხეში ყოფნის დროს ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა, საერთო ჯამში იგი 200-ზე მეტი დღის განმავლობაში აცხადებდა უარს საკვების მიღებაზე. 2021 წელს Azel.tv-ის მთავარი რედაქტორი კომაში ჩავარდა, 2022 წელს დაავადდა ტუბერკულიოზით. საბოლოოდ, დაავადმყოფებული და დაუძლურებული სადიგოვი ამნისტიით გაათავისუფლეს, იგი ოჯახთან ერთად საქართველოში (თბილისში, შემდეგ მარნეულში) გადმოსახლდა, რათა მშვიდად ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი და მოგვიანებით მესამე ქვეყნისთვის ეთხოვა თავშესაფარი.

საქართველოს მთავრობამ ავტორიტარიზმის კრიტიკოსს ჯერ ბოსნიაში გამგზავრების უფლება არ მისცა, შემდეგ დააპატიმრა და ახლა ემზადება იმისთვის, რომ ჟურნალისტი ალიევის რეჟიმს გადასცეს.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის, Amnesty International-ისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სადიგოვი პოლიტიკური ნიშნით იდევნება. საერთაშორისო აქტორები ვარაუდობენ, რომ ექსტრადაციის შემდეგ აზერბაიჯანელი შეიძლება დადგეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების, წამების, თვითნებური პატიმრობისა და უსამართლო სასამართლოს რისკის წინაშე. აქედან გამომდინარე, ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სადიგოვების ოჯახს ევროპაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცეს. პატიმრის მეუღლე იმასაც არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში ჟურნალისტი შეიძლება დაიღუპოს, რადგან მის ორგანიზმს ფიზიკური შევიწროვებისა და არაადამიანური პირობებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ შესწევს.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ უკანონოდ დევნილი რედაქტორის გათავისუფლებასა და სადიგოვების ევროპაში შეუფერხებლად გამგზავრების უზრუნველყოფას.

დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი აზერბაიჯანელის მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებისთვის გადაცემა მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გაწირვას არ ნიშნავს. ამგვარი ნაბიჯით საქართველოს მთავრობა ავტორიტარულ რეჟიმს მოუხრის ქედს და მთელს მსოფლიოს ეტყვის, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებაზე მაღლა ნახშირწყალბადოვანი რესურსებით მდიდარი დიქტატორის ნება დგას.

ჟურნალისტის წამებისათვის გამეტების შემთხვევაში მორიგი ჩრდილი დაეფინება ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიას. „ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ უკვე შეირცხვინა თავი მთელი ჩვენი რეგიონის წინაშე, როდესაც 2017 წელს ალიევის რეჟიმს თბილისიდან აფგან მუხთარლის გატაცების შესაძლებლობა მისცა.

სადიგოვის ძალადობრივი სისტემისთვის უკან დაბრუნებით საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ დარტყმას მიიტანს ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსზე. რამდენიმე კვირის წინ გერმანიისა და აშშ-ის მთავრობები არაერთ დათმობაზე წავიდნენ, რათა რუსული კოლონიებიდან დაეხსნათ დემოკრატიული ოპოზიციის გავლენიანი ფიგურები. ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა გადაერჩინათ ვლადიმერ კარა-მურზას, ილია იაშინის, საშა სკაჩელენკოსა და სხვათა სიცოცხლე. ამ ფონზე კი, საქართველო თვითმფრინავში ასვლის უფლებას არ აძლევს შიმშილობითა და ტუბერკულიოზით გატანჯულ ჟურნალისტს, მის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებს.

გამოქცეული დევნილის აზერბაიჯანულ ციხეში დაბრუნება „ქართული ოცნების“ ფარისევლობის მკაფიო დემონსტრირებაც იქნება. საქართველოს მმართველი პარტიის მოწინავე პირები თავიანთი პოპულისტური გამოსვლების დროს გამუდმებით გვიმეორებენ, რომ ქრისტიანულ ტრადიციებზე დაფუძნებული სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობა სურთ. არცერთი პატიოსანი ქრისტიანი სიკვდილს გამოქცეულ, ტანჯვისთვის განწირულ ადამიანს თავშესაფრის მოძიებაზე უარს არ ეტყვის, ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის თავმოყვარე ხელისუფლება თავის ტერიტორიაზე საკუთარი პრინციპებითა და ღირებულებებით მოქმედებს და არა მეზობელ რეჟიმთა ბრძანებების შესაბამისად.


საზოგადოებრივი კამპანია ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ

ვრცლად