დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პროკურატურა
მე მაქვს სიცოცხლის უფლება!
ბატონო გენერალურო პროკურორო,
ამ პეტიციით მოგმართავთ პირადად დაზარალებული, ნატო სლეპაკოვა, და დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი დამიჭერს მხარს, ვისაც ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომი ყელში აქვს ამოსული. მე წარმოვადგენ ცხოველთა დამცველს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში ცხოველის კი არა, საკუთარი, ფუნდამენტალური უფლებები მქონია დასაცავი, როგორიცაა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, სიცოცხლის და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები და სხვა...
2020 წლის 10 ივნისს, საღამოს 09:30, ჩემი (თავშესაფრიდან აყვანილი) ძაღლის ათწუთიანი ყეფის გამო მეზობელმა, გიორგი თევდორაძემ, წიხლქვეშ გამიგდო და ცხვირი მომტეხა!!!
ბატონო გენ. პროკურორო, შეგახსენებთ, რომ პროკურატურის საქმიანობებში გაწერილია: "კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის პრევენციას", და არა - "ხელს უწყობს დანაშაულის რეციდივს". მოვითხოვ, გამოძიებამ და პროკურატურამ მხედველობაში მიიღოს:
1. ამ ფაქტის დროს მიღებულმა დაზიანებებმა წარუშლელი კვალი დამიტოვა სახეზე, მიჭირს სუნთქვა და აღმენიშნება ამ ტრავმასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები.
2. ფაქტის დროს ვიყავი უსუსურ მდგომარეობაში (გავდიოდი მკურნალობას გადატანილი ლაპარატომიის გამო).
3. ბრალდებულს არ შემოუთავაზებია მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
4. ბრალდებული ახდენდა მოწმეებზე ზეწოლას და კონფლიქტის შემდგომ ესკალირებას, რაზედაც მაქვს წარდგენილი საპატრულო გამოძახებების ოქმები.
5. ბრალდებული ორჯერ ნასამართლებია ძალადობრივ მუხლებზე, რაც, მიუხედავად გაქარწყლებისა, გაცილებით უკეთ მეტყველებს მის პიროვნულ თვისებებზე, ვიდრე ვინმე მღვდლის დახასიათება.
6. ბრალდებულის მიერ წარდგენილი საბუთები, რომ ოპიოიდების მიღების შედეგად, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა აქვს და ჩანაცვლებით თერაპიას გადის მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს - ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად, ის სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებების მიღებას განაგრძობს, რაზედაც, თუნდაც, მის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული საქმე #330510020004056126 მეტყველებს.
7. ბრალდებულს გამოყენებული აქვს ამნისტია, სასარგებლო შრომა და "გამოსწორების" სხვა შანსები და 45 წლამდე ვერ გამოსწორებულა, კანონისადმი მორჩილების მოთხოვნას ის "შევიწროვებად" აღიქვამს, ხოლო ამ საქმეზე წაყენებულ ბრალს - "პროკურატურაზე და გამოძიებაზე ზეწოლად", რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას არც ბრალი აქვს გააზრებული და არც რაიმე სინანული აწუხებს, ხოლო მისი "ვაღიარებ" და მლიქვნელური ბოდიშები მხოლოდ სასჯელის არიდების მცდელობაა.
8. საკუთარი მეუღლის ჩვენების თანახმად, ბრალდებული გაუწონასწორებელი ფსიქიკის მატარებელია და მისი ოჯახის წევრები/ახლობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ "არ გაღიზიანდეს", ხოლო პროკურორი ყანდიაშვილი, რატომღაც დარწმუნებულია, რომ გიორგი თევდორაძე აღარაა საფრთხის მატარებელი.
ბატონო პროკურორო, მხოლოდ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დაცვას ვითხოვ თქვენი სამსახურისგან. მე მარტომ გავზარდე ორი ვაჟკაცი და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ საზოგადოების ღირსეული წევრი ვარ. ბატონო პროკურორო, შეასრულეთ თქვენი პროფესიული მოვალეობა, დამიცავით, რომ თავისუფლად გავაგრძელო ცხოვრება და საქმიანობა - შევძლო დავიცვა ჩემზე სუსტები და დავეხმარო ჩემზე გაჭირვებულებს.