საკონტაქტო ინფორმაცია
სისხლის დონორთა შერჩევის ერთიანი წინაპირობები და დონორთა და პაციენტთა უფლებების დასაცავად, სისხლის ბანკების საქმიანობის მონიტორინგის ქმედითი სისტემა

საჭიროა 8537 ხელმოწერა

1463
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივჯ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
  • სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სისხლის დონორთა შერჩევის ერთიანი წინაპირობები და დონორთა და პაციენტთა უფლებების დასაცავად, სისხლის ბანკების საქმიანობის მონიტორინგის ქმედითი სისტემა

ორგანიზაცია “სისხლის უანგარო დონორები”, თავისი საქმიანობის ფარგლებში, საჯარო, კერძო და საერთაშორისო სექტორთან თანამშრომლობით, (I) ზრუნავს ხელი შეუწყოს სისხლის რეგულარული დონაციის პოპულარიზაციას, (II) საკუთარი დონორთა ბაზით დაეხმაროს პაციენტებს საჭირო სისხლის ჯგუფის დონორების ორგანიზებულად და სწრაფად მოძიებაში და ამასთანავე, (III) აქტიურად მუშაობს არსებული სისტემის გაუმჯობესებაზე. ამჯერად, ორგანიზაცია წინამდებარე პეტიციით მოითხოვს, რომ  სახელმწიფომ, სისხლის ბანკების სახელმძღვანელოდ, დაამტკიცოს სისხლის დონორთა შერჩევის ერთიანი წინაპირობები და დონორთა და პაციენტთა უფლებების დასაცავად ჩამოაყალიბოს სისხლის ბანკების საქმიანობის მონიტორინგის ქმედითი სისტემა. ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად გვჭირდება როგორც საზოგადოების მაღალი ჩართულობა,  ისე საჯარო სექტორის მხარდაჭერა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს, როგორც ასოცირების ხელშემკვრელ მხარეს, სისხლის დონაციასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით ეკისრება რიგი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაწილში, სისხლის დონაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები (ხელშეკრულების დანართი XXXI, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, სისხლი).

ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან (2016 წლიდან)  5 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკისრებოდა ვალდებულება, ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოეყვანა კანონი  “სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ“. ამ ეტაპზე ვალდებულება კვლავაც შეუსრულებელია და ახალი კანონის მიღების ზუსტი თარიღი კვლავაც არ არის ცნობილი.

ახალი კანონის სამომავლოდ ეფექტურად ამოქმედებისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ მომზადდეს ნიადაგი და ეტაპობრივად მოხდეს ახალ გარემოებებთან ადაპტაცია. კერძოდ:

(I) წინამომსამზადებელი პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დონაციის ერთიანი წინაპირობების შემუშავება უნდა იყოს. ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის ბანკები არ ხელმძღვანელობენ სისხლის დონაციის ერთიანი წინაპირობებით, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება თუ ვის შეუძლია ჩააბაროს სისხლი და რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის გვერდზეა განთავსებული. შესაბამისად, სისხლის გადასხმის დაწესებულებები, ინდივიდუალურად იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს დონორების დაწუნების ან მიღების შესახებ, რომლებიც არცერთ საერთაშორისო პრაქტიკაში არ არის გავრცელებული. ამ ხარვეზის აღმოფხვრის აუცილებლობა განსაკუთრებით გამოიკვეთა კოვიდ-პანდემიის პირობებში, როცა სისხლის ბანკები, ვაქცინაციისა და კოვიდ-ვირუსის გადატანის შემთხვევაში, სისხლის დონაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა წესით ხელმძღვანელობდნენ. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, სახელწიფომ, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, უმოკლეს დროში შეიმუშავოს დონორობის წინაპირობების განახლებული დოკუმენტი, რომლით ხელმძღვანელობის ვალდებულება თანაბრად დაეკისრება სისხლის გადასხმის ყველა დაწესებულებას.

(II) მეორე მნიშვნელოვნი საკითხი სწორედ ამ და სხვა ვალდებულებების აღსრულების მონიტორინგს ეხება. დონორებსა და პაციენტებს სისხლის ბანკების მიმართ არ აქვთ შესაბამისი ნდობა, რადგანაც, პაციენტთა უფლებების დარღვევის შემთხვევებში, სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ  სუსტია. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით,  სისხლის დონაციის არსებული სისტემა მთლიანად იცვლება და სისხლის დონაცია სრულიად უანგარო სისტემაზე გადადის, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა. თუმცა, ამ ნაბიჯის გადადგმას სირთულეებიც თან ახლავს. არსებული მდგომარეობით დონაციების უმრავლესობა მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ ხორციელდება, რის გამოც, ცვლილების შემდგომ, სისხლის დონაციის წამახალისებელ ფაქტორად მხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დარჩება. შესაბამისად, არის რისკი იმისა, რომ შემცირდება დონაციების რაოდენობა და ქვეყანაში სისხლის დეფიციტი შეიქმნება. ახალი კანონის ამოქმედებამდე აუცილებელია სისხლის რეგულარული, უანგარო დონაციების პოპულარიზაცია, საზოგადოებაში სისხლის გადასხმის დაწესებულებებისადმი სანდოობის გაზრდა. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზა შესაბამისი და ეფექტური მონიტორინგის მექანიზმების დანერგვაა.

ჩვენი ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს სისხლის დონაციის სისტემაში პროგრესული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ ერთგვარი მედიატორის როლი გვაქვს პაციენტებსა და უანგარო დონორებს შორის,  ხოლო  ზემოთაღნიშნული პრობლემები ორივე მხარეს თანაბრად ეხება.

შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ახალი კანონის მიღებამდე, მნიშვნელოვანია მოსამზადებელი პერიოდის ეფექტურად გამოყენება, რათა, უანგარო დონაციებზე სრულად გადასვლამდე, ქვეყანაში არ შეიქმნას დეფიციტი და მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან  ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი.

 

წინამდებარე პეტიციით მოვითხოვთ სახელმწიფომ დაამტკიცოს:

  1. სისხლის დონორთა შერჩევის ერთიანი წინაპირობები;
  2. სისხლის ბანკების საქმიანობის მონიტორინგის სისტემა.

 


ა(ა)იპ "სისხლის უანგარო დონორების" დამფუძნებელი

ვრცლად