საჭიროა 474 ხელმოწერა
ადრესატი:
- სსიპ. სოფელ ფლავის საჯარო სკოლა
- გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
დაუბრუნეთ ლეილა მეტრეველი სკოლას!
პეტიცია შექმნილია ფლავის საჯარო სკოლის დამსახურებული პედაგოგისა და გეოგრაფიის სერტიფიცირებული (წამყვანი) მასწავლებლის, ი.გოგებაშვილის სახელობის საპატიო სიგელის კავალერის, ქ. ლეილა მეტრეველის სკოლაში დაბრუნების მოთხოვნით.
მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 24 მარტს, ფლავის საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლის მიერ სოციალურ ქსელ Tiktok-ში ატვირთულ ვიდეოზე დაყრდნობით სკოლის დისციპლინურიმა კომიტეტმა ხმათა სრული უმრავლესობით რეკომენდაცია მისცა სკოლის დირექტორს ქ. თეა გიგუაშვილს, სკოლიდან გაეთავისუფლებინა ქ.ლეილა მეტრეველი.
ვიდეოში, რომელიც არც ავთენტურია და არც სრული, ჩანს მხოლოდ წყობიდან გამოყვანილი მასწავლებლის გადაცდომის ფაქტი, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ მოსწავლეების მხრიდან მასწავლებლის კოლექტიურ შეურაცხყოფას ან მასზე სიტყვიერ ძალადობას ჰქონოდა ადგილი.
შეგახსენებთ, რომ ძალადობა არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას. არსებობს ძალადობის უამრავი ფორმა, მათ შორის ერთ-ერთია ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორიცაა შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა, ან სხვა ისეთი ქმედება რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს.
ყველა სკოლაში არსებობს შინაგანაწესი, რომელიც ეფუძნება მოსწავლის ზოგად ეთიკის კოდექსს. წესით სკოლა ყველა მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უნდა აცნობდეს რა არის მოსწავლის უფლება და რა მოვალეობა.
ამ კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ქვე-პუნქტის თანახმად, მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს არასასწავლო მიზნით.
ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით, მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელს და სხვა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
როგორც ხედავთ, ამ ერთი ფაქტობრივი მოცემულობის უკან, რომელიც სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა და მედია საშუალებებმა მოსწავლეზე ძალადობად დააკვალიფიცირეს, იმალება უფლებების რღვევის უფრო დიდი კასკადი, მათ შორის მასწავლებლის და სხვა მოსწავლეებისაც. ხოლო მოსწავლე, რომელიც კადრში ჩანს, დიდი ალბათობით, შესაძლოა არც არაფერ შუაშია მომხადართან და ის უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილას მოხვდა.
უამრავი დაშვების მიუხედავად, ბუნებრივია, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია! თუმცა მიუღებელი და უპატიებელია ისიც, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა, რომელსაც, სკოლაში მოღვაწეობის მანძილზე პირველად მოუწია საკუთარი ფუნქციის შესულება, მხოლოდ ვიზუალურად ხილვადი მასალიდან გამოვიდა და ფაქტის ირგვლივ არსებული გარემოებაც კი ვერ შეისწავლა, არა თუ რაიმე დაშვება გაეკეთებინა.
მიგვაჩნია, რომ უსაფუძვლო და აზრს მოკლებულია ფლავის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ ხმათა სრული უმრავლესობით გაცემული "რეკომენდაცია" ქ. ლეილა მეტრეველის გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან კონტექსტი არ არის გამოკვლეული და აკლია დამაჯერებლობა.
მოვითხოვთ, დისციპლინურმა კომიტეტმა უკან წაიღოს თავისი ზედაპირული რეკომენდაცია და ლეილა მეტრეველი დაბრუნდეს სკოლაში, რათა მიეცეს პროფესიული მოღვაწეობის ღირსეულად დასრულების შესაძლებლობა.
პატივისცემით,
სოფელ ფლავისა და ფლავისმანის მცხოვრებნი, მისი მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები.