დასრულებული
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მქონე ყველა პაციენტს, თბილისსა თუ რეგიონში
თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მქონე ყველა პაციენტს, თბილისსა თუ რეგიონში
მივმართავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის!
ჩვენ, თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებელ ძუძუს კიბოს მქონე ქალებს ერთი დიაგნოზი და ერთი ქვეყანა გვაერთიანებს, შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაც ერთი იყოს.
ძუძუს კიბოს შემთხვევაში ონკოლოგიურ სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა რეგიონში მაცხოვრებელ ქალებზე აისახება და გამოიხატება შემდეგში:
- საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, ადრეული მაღალი რისკის მქონე HER+ ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის თარგეთული მკურნალობის (დამიზნებითი თერაპია- ორმაგი ბლოკადით) 18 ციკლის ჩატარებაა რეკომენდებული. დღეს, რეგიონში მცხოვრები ანალოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ორმაგი ბლოკადით მკურნალობის ჩატარება ხელმისაწვდომი არაა, რაც დედაქალაქში (თბილისში) მაცხოვრებელ პაციენტებთან შედარებით დისკრიმინაცია და უთანასწორობაა. არასრულფასოვნად ჩატარებული მკურნალობა ზრდის დაავადების პროგრესირების და რეციდივის რისკებს მაშინ, როცა, დღეს, ადრეული ძუძუს კიბოს განკურნება შესაძლებელია.
- მეტასტაზური HER2 დადებითი ძუძუს კიბოს დროს, რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს არ აქვთ ოპტიმალური მკურნალობის შესაძლებლობა: დედაქალაქთან შედარებით განსხვავებულია სამკურნალო ციკლების რაოდენობა (ხელმისაწვდომია მხოლოდ 8 ციკლი, დედაქალაქის პაციენტთათვის კი, 12 ციკლი), რაც ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუარესებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ.
#ნუგანგვასხვავებთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და მხარს ვუჭერ (ვეთანხმები) რეგიონებში ძუძუს კიბოს მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნას ზემოთხსენებული დებულებების მიხედვით.
წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის.
კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“