დასრულებული
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს პარლამენტი
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები სასწრაფოდ საჭიროებენ მკურნალობის დაფინანსებას
პეტიცია შემუშავებულია რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის მიერ და მიმართულია ქ. თბილისის მერიისადმი რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და მკურნალობის დროული დაფინანსების თხოვნით
თბილისის მერმა, ბ-ნ კახა კალაძემ 2021 წელს თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის 4-წლიანი გეგმა წარადგინა, რომელთა შორის არის რევმატოიდული ართრიტის ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის დაფინანსებაც.
გამოვხატავთ მადლიერებას აღნიშნული ინიციატივისთვის, თუმცა ამასთანავე გვსურს მოგმართოთ თხოვნით არსებული პროგრამის დაუყოვნებლივ ამოქმედების შესახებ.
რევმატოიდული ართრიტის მქონე პირთათვის დრო ძალიან ძვირფასია და არც ერთი წუთი დასაკარგი არ გვაქვს, რადგან ყოველი დღე გაუსაძლისი ტკივილით სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებისთვის ბრძოლაა. სამწუხაროდ რევმატოიდული ართრიტი ახალგაზრდა (საშუალოდ 35-60 წელი) ასაკში ვლინდება, სწრაფად პროგრესირებს და დღითი-დღე მეტად ქმედუუნაროს ხდის ადამიანს, საბოლოოდ კი შშმ პირის სტატუსს ანიჭებს და ეტლს აჯაჭვებს. სწორედ ამიტომ, განვითარებად ქვეყნებში პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმიდან 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს. ადექვატურ მკურნალობას შეუძლია, შეაჩეროს ჩვენი დაავადების არასწორი გზით განვითარება და სახსრების მნიშვნელოვანი დეფორმაცია, შესაბამისად, ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს სიცოცხლის ხარისხს და შეგვინარჩუნებს შრომისუნარიანობას.
პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ ქმედუნარიანობა მხოლოდ იმის გამო, რომ ფინანსების არარსებობის გამო სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას.
პეტიციაზე ხელის მოწერით, თქვენ დააფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერას, რომ თბილისის მერიამ დროულად შეასრულოს დანაპირები და უზრუნველყოს რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის დაფინანსება.
წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის.
ყველაფერი ჩვენს ხელშია!
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი.