საჭიროა 931 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- საქართველოს პარლამენტი
შრომის სრულყოფილი ანაზღაურების შესახებ
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის საშვებულებო ანაზღაურების ნამუშევარი დღეების პირდაპირპროპორციულად გაცემის შესახებ
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულისათვის ანაზღაურებადი შვებულება დაშვებულია შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღიდან 11 თვის შემდეგ. სამწუხაროდ, არაერთი საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია სარგებლობს საქართველოს სხვადასხვა კანონებით და მათ საკუთარ, სუბიექტურ ინტერესებს არგებს - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ათავისუფლებენ თანამშრომლებს და რადგან კანონი აძლევთ არჩევანის საშუალებას, უმეტეს შემთხვევაში, დასაქმებულს არ უნაზღაურდება ნამუშევარი პერიოდის საშვებულებო ანაზღაურება, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებს გულისხმობს.
აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით არ გრძელდება კონტრაქტი. მით უმეტეს, კონტრაქტის არგაგრძელებაც ისევ სუბიექტური მიზეზებით ხდება - ძირითადად, კანონს იყენებენ ბოროტად და ორგანიზაციები დასაქმებულის კუთვნილ ანაზღაურებას იტოვებენ საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების ბალანსზე. ეს ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქის უფლების დარღვევა და მისი ფინანსური და ზოგჯერ სხვა ტიპის ზარალიც.
სამართლიანია, რომ ნებისმიერ დასაქმებულ პირს მიეცეს კუთვნილი საშვებულებო სარგოც თითოეული ნამუშევარი დღის პირდაპირპროპორციულად.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე რჩება დამსაქმებლის კეთილსინდისიერების იმედზე, რაც უმეტეს შემთხვევაში, დასაქმებული პირის ფინანსური ზარალით სრულდება. არავის არ აქვს უფლება, ბოროტად გამოიყენოს ადამიანური რესურსები და უარყოფითად განსაზღვროს სხვა რომელიმე მოქალაქის ცხოვრება.
დამსაქმებლების დიდი ნაწილისთვის გამოსაცდელი ვადის შემდეგ ახალი კადრის კვლავ გამოსაცდელი ვადით მოძიება ჩვეულებრივი სამუშაო სტილია - ფინანსების დაზოგვის მიზნით - სხვისი შრომის ხარჯზე.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მოგმართავთ მოთხოვნით, სასწრაფოდ შეცვალოთ და დააკონკრეტოთ შესაბამისი პუნქტი შრომით კოდექსში, რათა თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეს აუნაზღაურდეს ყოველი ნამუშევარი დღე საშვებულებო ანაზღაურების ჩათვლით!