საკონტაქტო ინფორმაცია
აღდგეს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი

საჭიროა 268 ხელმოწერა

32
300
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი

აღდგეს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი

პეტიცია

 

აფხაზეთის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“

(ლიკვიდაცია) რეორგანიზაციის  თაობაზე

 

ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი საქართველოს მოქალაქეები მივმართავთ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ასლი:

- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილიაII-ს

- საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

- საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას

- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ მამუკა მდინარაძეს

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს

 ბატონ ჯემალ გამახარიას

 

 

და მოვითხოვთ, ადეკვატურად და დროულად შეფასდეს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის (ლიკვიდაცია) რეორგანიზაციის საკითხი.

 

საკითხის  მიზანშეწონილობითი  მხარე:

 

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის საკონსტიტუციო შეთანხმების რეალიზაციის ერთ-ერთ პირველ „პროექტს“, რომელშიც აისახა სულიერებისა და კულტურის სფეროში ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი საქმიანობის ინტერესი. მისი განხორციელების მიზნით, სახელმწიფომ მიიღო შესაბამისი აქტი (აფხაზეთის მთავრობის 23.06.2006 წლის#28 დადგენილება სსიპ „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ შექმნის შესახებ).

ერთობლივი საქმიანობის პრინციპი აისახა ცენტრის საქმიანობის ზედამხედველობასა და რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით. ხელმძღვანელად პატრიარქის წარდგინებით დაინიშნა ღვაწლმოსილი აფხაზი ქალბატონი სვეტლანა ქეცბა. ეს ტრადიცია გაგრძელდა ქალბატონ სვეტლანას გარდაცვალების შემდეგ, როცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ცენტრის თავმჯდომარედ კვლავ საქართველოს საპატრიარქოს რეკომენდაციით დანიშნა აფხაზი ქალბატონი ირინა ქეცბა (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის 2018 წლის31 იანვრის #111 წერილი).

ცენტრის წარმატებულ საქმიანობაზე სხვა ფაქტებთან ერთად მეტყველებს ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძისადმი 2019 წლის 4 დეკემბერს გაგზავნილი წერილი #493.

საჯარო სამართლის იურიდიულ პირად „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ შექმნა განპირობებული იყო ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში. ამ შემთხვევაში სულიერება და კულტურა ერთიანი ცნებაა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის ახალი აქტი ამ ცნებათა ერთმანეთთან დაშორებით ბუნდოვანს ხდის როგორც იდეის, ასევე სტრუქტურის ფუნქციებს.

საერთაშორსო პრაქტიკის მიხედვით, მთელ მსოფლიოში სულიერების ცენტრებს რელიგიური ორგანიზაციები აფუძნებენ. საჯარო სექტორში ცალკე აღებული ასეთი სტრუქტურა თითქმის არ არსებობს. ამ და სხვა მიზეზების გამო ა/რ მთავრობის მხრიდან ცალმხრივად (ლიკვიდაციისა და) რეორგანიზაციის პროცესის დაწყება მიზანშეწონილობითი კუთხით ყოვლად მიუღებელია.

 

საკითხის იურიდიულიმხარე:

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის:

ა) 2019 წ. 26 ნოემბრის 39-ე დადგენილებით აფხაზეთის სსიპ „სულიერებისა და კულტურის ცენტრი“ ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო

ბ) 2019 წ. 6 დეკემბრის 41-ე დადგენილებით სსიპ „სულიერებისა და კულტურის ცენტრი“  რეორგანიზებულ იქნა ა(ა)იპ „სულიერების ცენტრად“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის  ირინა ქეცბას მიმართ იკვეთება სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნები.

2. დადგენილების განმარტებით ბარათში არ არის დასაბუთებული, რატომ მოხდა რეორგანიზაცია. მოყვანილია მხოლოდ შემდეგი: „ასეთი ცვლილება ხელს შეუწყობს აფხაზეთის სულიერებისა და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მხრივ აფხაზეთის ხელისუფლების ძალისხმევას“ (სტილი დაცულია). ერთმანეთში აღრეულია არამატერიალური მემკვიდრეობა და სულიერი მემკვიდრეობა, რაც შემდეგ მუხლში ფუნქციების ჩამონათვალშიც იგრძნობა.

3. მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის 70-ე განკარგულებით დამტკიცებულ ცენტრის წესდების მე-3 მუხლში მოცემულია ცენტრის მიზანი: „... კონსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად აფხაზეთის საზოგადოების სულიერი დონის ამაღლებით მშვიდობიანი თანაარსებობის სულისკვეთებით მშვიდობიანი თანაარსებობის აღდგენა და განმტკიცება.“  კონსტიტუციური შეთანხმებით ეკლესია და სახელმწიფო თანამშრომლობენ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ (..... კონსტიტუციური შეთანხმება. მ 1, პ.1).  ასეთი შეთანხმების არარსებობა დასტურდება   კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის 2019 წლის 26 ნოემბრის #1451 წერილით. შეუთანხმებლობისა და ახალ წესდებაში შესაბამისი მექანიზმების არარსებობის გამო აღნიშნული მუხლი კონსტიტუციურ შეთანხმებასთან მოდის წინააღმდეგობაში.

არსებული ხარვეზების გათვალისწინებით აფხაზეთის ა/რ მთავრობის აქტები „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ ჯერ ლიკვიდაციის, შემდეგ რეორგანიზაციის შესახებ კანონსაწინააღმდეგოა, იგნორირებულია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ერთობლივი საქმიანობის პრინციპი, აღრეულია ეკლესიისა და სახელმწიფოს ფუნქციები, დარღვეულია მოქალაქეთა უფლებები.

 

გამოსავალი:

 

თუ აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხრიდან არსებობს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ერთობლივი საქმიანობის ინტერესი, შესაძლებელია გაფორმდეს მათ შორის შეთანხმება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

·         თანამშრომლობის მიზანი და სფერო;

·         სტრუქტურის სტატუსი;

·         ხელმძღვანელ პირთა შერჩევა საპატრიარქოს რეკომენდაციით;

·         საქმიანობაზე ზედამხედველობის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საკითხი ურთიერთშეთანხმებით.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის შესაბამისი აქტი აფხაზეთის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ თაობაზე გამოიცეს ამ შეთანხმების პრინციპებისა და მექანიზმების დაცვით.    

 

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა