საჭიროა 4108 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
დაიწყოს ქალაქ ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები!
სსიპ- რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან სკოლის კრიტიკულად მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო გადასულია სწავლების სრულად სინქრონულ ფორმაზე;
ჩვენთვის, მშობლებისთვის დღემდე გაურკვეველია, როდის შეძლებენ ჩვენი შვილები სრულფასოვან სასწავლო პროცესზე დასწრებას. „ონლაინ“ სწავლების პროცესი კი მეტად პრობლემატური გამოდგა რეგიონში მკვიდრი ოჯახებისთვის.
სკოლაში სწავლობს ათეულობით ოჯახიდან ერთი ოჯახის რამდენიმე ბავშვი. მოგახსენებთ, რომ თითოეულ მათგანს სჭირდება ცალკე კომპიუტერი, ცალკე თბილი ოთახი, რათა შეძლონ ონლაინ რეჟიმზე დასწრება, რისი პირობებიც , ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად არც ერთ ოჯახს არ გააჩნია. ამასთანავე, რეგიონში არსებული ინტერნეტ ოპერატორები ვერ უზრუნველყოფენ სწრაფი ინტერნატის სრულფასოვან მიწოდებას. როგორც თავად ხედავთ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ზარალდება ჩვენი შვილების კანონიერი უფლება, მიიღონ არსებული ფორმატით განათლება.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები გვაიძულებს დავარღვიოთ დუმილი და საკუთარი შვილების მომავალი ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ. ძვირფასო მეგობრებო, დედებო, მამებო, მოსწავლეებო თუ სტუდენტებო, მოგმართავთ თხოვნით, მარტო არ დაგვტოვოთ საერთო ბრძოლის ველზე და დაგვეხმაროთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებამდე უფრო მკაფიოდ მივიტანოთ ჩვენი პრობლემა. ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფომ დაუყონებლივ უზრუნველყოს ალტერნატიული ფართი სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გასაახებლად და პარალელურად, დაიწყოს სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ვიმედოვნებთ, საზოგადოება წინ დააყენებს ბავშვების კანონიერ ინტერესებს და გვერდში დაგვიდგება ბავშვთა უსაფრთხოების და განათლების დაცვის საქმეში!