საკონტაქტო ინფორმაცია
არა რუსულ კანონს! ადვოკატების განცხადება

საჭიროა 49 ხელმოწერა

51
100
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

არა რუსულ კანონს! ადვოკატების განცხადება

ჩვენ, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდამჭერი, საქართველოს ოკუპანტის - რუსეთის მოწინააღმდეგე, წინამდებარე განცხადების ხელმომწერი ადვოკატები, ვეხმაურებით საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანოპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ”, მისი მომზადებისა და განხილვის დროს დაშვებულ უხეშ დარღვევებსა და კანონპროექტით გამოწვეულ საფრთხეებს.

მივიჩნევთ, რომ განსახილველი კანონპროექტი, რუსული კანონის შინაარსის გამეორებით, იზიარებს იგივე მიზნებს და მიმართულია თავისუფალი საზოგადოების, სამოქალაქო კონტროლისა და ინდივიდუალურ მოქალაქეთა/ორგანიზაციათა დათრგუნვისკენ. კანონპროექტი დამაზიანებელია არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის, არამედ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებისთვის, რომლის მყარი გადაწყვეტილება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. აღნიშნულის შესახებ არა ერთხელ იქნა გაცხადებული ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთა მიერ, თუმცა, სამწუხაროდ ეს განცხადებები უგულებელყოფილ იქნა.

კანონპროექტის მომზადების, მისი ინიცირებისა და განხილვის ეტაპზე, უხეშად დაირღვა და ირღვევა როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, ასევე დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპები, რის გამოც, მიმდინარე პროცესი არაკონსტიტუციურია და არ გააჩნია ლეგიტიმაცია. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობის საშუალება შეზღუდული იყო და არის არა მხოლოდ იმ პირთათვის, ვისზეც კანონპროექტი უშუალო გავლენას ახდენს, არამედ თავად პარლამენტის იმ წევრებისთვის, ვისაც კრიტიკული მოსაზრებები გააჩნია.

ეს კანონპროექტი არ ემსახურება გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არამედ მიზნას ისახავს იმ ორგანიზაციების დისკრედიტაციას, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის.

ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ფედერაციაში, ამ კანონის მიღებამ გამოიწვია არასამთავრობო სექტორის ფაქტობრივი ლიკვიდაცია, სახელმწიფოს მზარდი კონტროლი ადამიანთა ცხოვრების ყველა ასპექტზე და თავისუფალ პროფესიათა მნიშვნელობის დაკნინება. ამ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სამოქალაქო სექტორის დასუსტებას ან გაქრობას, პირდაპირ ნიშნავს ჩვენი ევროპული გზიდან გადახვევას და გვაახლოვებს რუსეთის ფედერაციის ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან.

მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში და სწორედ ამ არჩევანის რეალიზებისთვის მინიჭებული მანდატის საპირისპირო მიზნებისთვის გამოყენება აზიანებს საზოგადოების ნდობას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს განსახილველი კანონპროექტი, უარი თქვას ტოტალიტარიზმისკენ ნაბიჯის გადადგმაზე და გამოიყენოს ყველა მექანიზმი სწორედ იმ მიზნების მისაღწევად, რაც ქართველი ხალხის გაცნობიერებული არჩევანია.

ჩვენი არჩევანი ევროპაა!

ჩვენი არჩევანი თავისუფალი საზოგადოებაა!


საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილებით.

ვრცლად