საკონტაქტო ინფორმაცია
სამართლიანობისთვის #სალომესსახელით

დასრულებული

5000
5000
ადრესატი:
  • თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამართლიანობისთვის #სალომესსახელით

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვფიქრობთ, რომ 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე საქართველოში კანონის უზენაესობის მორიგი მარცხია. მან ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა და ქვეყანაში არსებული დაუსჯელობის ძალიან საშიში კულტურა დაგვანახა. დაუსჯელობის კულტურა გულისხმობს იმას, რომ გავლენიანი დამნაშავე პასუხს არ აგებს, ხოლო მსხვერპლი კი არანაირად არ არის დაცული.

2016 წლის 10 იანვარს 12 წლის სალომე ტატიშვილს 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი გუდაურში, თხილამურებით სრიალისას ზურგიდან დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე დაიღუპა. 2017 წლის 29 დეკემბერს კი გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა. გიორგი ლიპარტელიანი აგრძელებს განათლების მიღებას საზღვარგარეთ, სალომე ტატიშვილის ოჯახი კი კვლავ ელის მართლმსაჯულების პასუხებს.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, მაგრამ ამ საქმეში მოსამართლემ ყველა შესაძლო მტკიცებულება უგულებელყო და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ მტკიცებულებებს შინაარსი და უტყუარობა დაეკარგათ.

ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაც სალომე ტატიშვილის საქმეში მოსამართლემ არ გაითვალისწინა:

  • გიორგი ლიპარტელიანი თხილამურებით სრიალისას  ნაბახუსევზე იყო და მიღებული ჰქონდა ალკოჰოლი, რაც არ უარყვიათ თავად ბრალდებულს და მის მეგობრებს (ბრალდება მიუთითებს, რომ გიორგი ლიპარტელიანს სისხლის ანალიზი შეჯახებიდან 8 საათში აუღეს. ამ პერიოდში მას სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მათ შორის იყო გადასხმაც. სასამართლოზე დაკითხულმა ექიმმა დაადასტურა, რომ აღნიშნულის ფონზე, სისხლში ალკოჰოლის კვალი 3-5 საათში წაიშლებოდა)

 

  • გიორგი ლიპარტელიანი გადაჭარბებული სიჩქარით სრიალებდა და სიჩქარე არ შეუსაბამა არსებულ პირობებს (მოსამართლე არ დაეთანხმა პროკურატურას, რომელიც აღნიშნავდა, რომ მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს თხილამურებით სრიალის მაქსიმალურ სიჩქარეს, მაგრამ უსაფრთხოდ სრიალის წესები დადგენილია ”ადამიანის ცხოვრებისეული და სასრიალო გამოცდილებით”. ამ წესების მიხედვით კი მოთხილამურე ვალდებულია, სრიალისას საფრთხე არ შეუქმნას სხვას, განსაკუთრებით წინ მყოფს, სრიალის მანერა და სიჩქარე შეუსაბამოს საკუთარ გამოცდილებასა და გარემო პირობებს)

 

როგორც ცნობილი გამონათქვამი ამბობს: მოსამართლე არ არის ნაზი ყვავილი, რომ ის კრიტიკამ დააჭკნოს. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს სრული უფლება გვაქვს მკაცრად გავაკრიტიკოთ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენი, განსაკუთრებით ის ნაწილები, სადაც მოსამართლე სათხილამურო სპორტის ექსტრემალური ხასიათით ცდილობს დამნაშავის გასამართლებლად ასეთი აბსურდი ამტკიცოს:

 

„შეუძლებელია ვიმსჯელოთ, რომ დაშვებული სიჩქარე უნდა იყოს ის სიჩქარე, რომელიც უზრუნველყოფს მოსრიალის კონტროლს და უსაფრთხოებას. რადგან, თუ საუბარია სიჩქარის ზღვარზე, ზღვარი, როგორც წესი, რეგულირდება საშუალო შესაძლებლობების დონით და არა რომელიმე კონკრეტული ინდივიდის უნარით, რადგან შესაძლებლობები ინდივიდუალურია. ამასთან მსჯელობა, რომ შეჯახება თავიდან იქნებოდა აცილებული, თუ ბრალდებული შედარებით ნაკლები სიჩქარით ისრიალებდა, რომლის განსაზღვრაც (რა სიჩქარით ნაკლებად უნდა ესრიალა) ასევე შეუძლებელია ისევ და ისევ რეგულაციის არარსებობის გამო, არ არის არგუმენტი და წარმოადგენს ვარაუდს, რადგან ექსტრემალური სპორტი თავისი შინაარსით სახიფათო სპორტია და თავის თავში მოიცავს ტრავმებს“.

 

სალომე ტატიშვილი, მისი სამი მცირეწლოვანი და, და მშობლები იმსახურებენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიან სასამართლოს, რომელიც მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობის  პრინციპი მოქმედებს. კანონის უზენაესობა კი იმას ნიშნავს, რომ კანონს ყველა ემორჩილება გამონაკლისის გარეშე, გავლენის და სოციალური სტატუსის მიუხედავად. სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის აგრეთვე აუცილებელია დაუსჯელობის პრეცედენტების თავიდან აცილება, რადგან დაუსჯელობის კულტურას სწორედ ასეთი შემთხვევები აყალიბებს და ის ახლა აზიანებს სალომე ტატიშვილის ოჯახს, მომავალში კი სხვა ოჯახებს, ბავშვებს და მთელ ქვეყანას დააზიანებს.

 

2018 წლის 19 მარტს 14:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს სააპელაციო საჩივარს სალომეს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე. სალომე ტატიშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. შემოგვიერთდით თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან. მეტი დეტალებისთვის იხილეთ ფეისბუქის ღონისძიება: https://goo.gl/8kxvBT

 

საქმესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის, წაიკითხეთ სალომე ტატიშვილის დედის, ნინო ჟვანიას ბლოგი: https://goo.gl/bXXMua

და ნეტგაზეთის მასალა: https://goo.gl/HPRTyy