საჭიროა 2977 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
აუტიზმის მქონე ბავშვების დაფინანსება
აუტისტური სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვები/ მოზარდები და მათი ოჯახები ყოველდღიურად დგანან დიდი გამოწვევების წინაშე. ბავშვებს ხშირად უჭირთ დამოუკიდებლად ფუნქციონირება და სირთულეებთან გამკლავება. მათ შესაძლოა ყოველწამს დასჭირდეთ დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში (მაგ: კვება, ჩაცმა, ფიზიკური მოთხოვნილებები), სოციალიზაციაში, აკადემიურ სივრცეში და ა.შ. ხშირად დამატებით სირთულეებს წარმოადგენს ძილის, ემოციური და ქცევის მწვავე პრობლემები.
ყოველივე ეს თავის მხრივ ასა-ს მქონე პირის ოჯახების ფუნქციონირებაზეც აისახება. მათი მხარდაჭერა და გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ბავშვის განვითარებასთან.
ხშირად თავად ოჯახი დგას ეკონომიკური, ჯანმრთელობის ან ემოციური სირთულეების წინაშე, რაც აფერხებს ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის შესაძლებლობას. ამ დროს ბავშვზე ზრუნვის მნიშვნელოვანი როლი აქვს ხარისხიან თერაპიას, სპეციალისტს და მის მხარდაჭერას ოჯახის წევრების მიმართ.
აღიარებულია, რომ ასა-ს მქონე პირებთან ყველაზე ეფექტურია მუშაობა ქცევის გამოყენებითი ანალიზით, რაც წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეცნიერულ ტექნიკათა ერთობლიობას, რომელთა სწორად გამოყენებისას ბავშვებისა და მოზარდების უნარები მკვეთრად უმჯობესდება სხვადასხვა სფეროში .
აუტიზმის მუნიციპალური დაფინანსების პროგრამა 2015 წლიდან ფუნქციონირებს. თავდაპირველად პროგრამა ამოქმედდა თბილისში, შემდეგ კი რეგიონებში.
დღესდღეობით თითქმის ყველა დიდ ქალაქში აუტიზმის მქონე ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ მერიის აუტიზმის პროგრამაში, მიიღონ ყოველთვიური სესიების დაფინანსება და დახმარება სპეციალისტებისგან. ეს მინიმალურია, თუმცა დღეს ბავშვები დგანან მინიმალურის დაკარგვის საშიშროების წინაშე.
2025 წლამდე ყოველწლიურად დაფინანსებით მოსარგებლე ბავშვების რიცხვი იზრდებოდა. ყოველი წლის იანვარში რამდენიმე ათეულ ბავშვს შეეძლო მიეღო პროგრამაში დაფინანსება და ის მინიმალური ზრუნვა სახელმწიფოსგან, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის.
2025 წლიდან პროგრამაში უნდა ჩართულიყო კიდევ რამდენიმე ათეული ბავშვი. ისინი მერიის პროგრამას თვეობით ელოდებოდნენ, თუმცა 2024 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა ქალაქის მერიამ დაფინანსება არ გამოყო და გამოყოფილი ბიუჯეტი უკვე დახარჯულიყო. ზოგიერთი ქალაქის მერიამ კი ბავშვებს დაფინანსება შეუმცირა კიდეც.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მერიის პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვებს, მიიღონ სხვადასხვა სახის თერაპია, ქცევის, მეტყველების, ფიზიკური სენსორული და აკადემიური სირთულეების დასაძლევად.
ზუგდიდში და სხვადასხვა ქალაქში მომუშავე სპეციალისტები ვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაფინანსდეს მერიის აუტიზმის პროგრამის მომლოდინე ყველა ბავშვისა და მოზარდის თერაპია, ყველა რეგიონში სხვადასხვა ქალაქში.
ხელმოწერით თქვენ მხარს უჭერთ აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დაფინანსებას და თერაპიით უზრუნველსაყოფად.
თქვენი ყველანაირი ჩართულობა მნიშვნელოვანია.