საჭიროა 4996 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მოთხოვნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მე -15 საჯარო სკოლის აღდგენის თაობაზე
მოგესალმებით, ამ პეტიციის შედგენის მიზანია ავსახოთ მხარდაჭერა გლდანი- ნაძალადევის ტერიტორიაზე არსებული ავარიული სკოლის აღდგენის შესახებ. ახლა კი მოგახსენებთ მცირეოდენ ისტორიულ წინასიტყვაობას ამ დიდებული სკოლის შესახებ.
მე-15 სკოლა 1957 წელს გაიხსნა რომელიც ღრმაღელის 8 წლიანი სკოლის ბაზაზე შეიქმნა,შემდეგ კი სკოლას ეწოდა ქ. თბილისის მე–15 საშუალო სკოლა ,რომლის დირექტორად მუშაობდა ამირან მათითაშვილი.ხოლო სასწავლო ნაწილის გამგეებად მუშაობდნენ ვლადიმერ ჭუმბურიძე და გ.შეყლაშვილი.
ბატონი ამირან მათითაშვილი წლების მანძილზე ღირსეულად ხელმძღვანელობდა სკოლის პედაგოგიურ შემადგენლობას. გასაკვირი არაა,რომ დღესაც მე–15 სკოლას სიყვარულით „ამირანის სკოლას „ უწოდებენ.
წლების განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა ორი ათასს და მეტს აღწევდა. მეცადინეობა სკოლაში ოთხ ცვალში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა,დისციპლინისა და აკადემიური მოსწრების მიხედვით სკოლა ერთ–ერთი პირველი იყო არა მარტო ქალაქში, შეიძლება ითქვას რესპუბლიკაშიც. ამაში მოწმობს იმ პერიოდში მიღებული გარდამავალი დროშები და ვიმპელები,განათლების სამინისტროს სიგელები,გასული წლების წარმატებებში ღირსეული წვლილი მიუძღვის სკოლის მთელ პედაგოგიურ კოლექტივს, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით და საქმის დიდი სიყვარულით.
1983 წელს, სკოლის დამსახურებულმა მასწავლებელმა რუსუდან ელიზბარაშვილმა საკუთარი სახსრებით გახსნა იაკობ გოგებაშვილის სახელობის მუზეუმი. გახსნას ესწრებოდნენ განათლების სამმართველოს უფროსი მამია გოგიტიძე,მაშინდელი ლენინის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდისტები,აგრეთვე განათლების განყოფილების გამგე გურგენიძე,მინისტრის მოადგილე მანანა კობახიძე,ვახტანგ გორგანელი,ქალაქისა და რაიონის სკოლის მასწავლებლები.
1984 წელს ჩატარდა რესპუბლიკის სკოლების მუზეუმების დათვალიერება,სადაც გამარჯვებისათვის მუზეუმი დაჯილდოვდა ქების სიგელით.1984 წელს მუზეუმის გახსნის 1 წლის თავზე,ჩატარდა ღონისძიება დევიზით:“იაკობ გოგებაშვილის მოამაგენი“.მოწვეულნი იყვნენ ბ–ნები ვალერიან რამიშვილი,უშანგი ობოლაძე,ზურაბ ბოცვაძე,დედაენის ავტორების ბურჯანაძისა და ბოცვაძის შთამომავლობა.ბ–ნმა ვალერიან რამიშვილმა და უშანგი ობოლაძემ ჩანაწერები გააკეთეს შთაბეჭდილების წიგნში.მუზეუმი დაათვალიერეს ქალაქისა და რაიონის სკოლებმა.ექსკურსიაზე ივნენ გულრიფშის რაიონის მასწავლებლები.
1987 წელს სკოლას დირექტორი შეეცვალა. სკოლის დირექტორი რომან მოსეშვილი გახდა. სკოლის პედაგოგიურ შემადგნელობას კი ბევრი ახალგაზრდა მასწავლებელი შეემატა.სკოლაში მოსული ახალგაზრდა პედაგოგების უმრავლესობა მე–15 საშ. სკოლის გაზრდილები არიან.ისინი ღირსეულად ამოუდგნენ თავის ყოფილ პედაგოგებს გვერდში.
სკოლა მუშაობდა კაბინეტურ სისტემაზე.ყველა დარგში მოწყობილი მექანიზებული კაბინეტ–ლაბორატორიები.წლების განმავლობაში სკოლის უფროსი კლასები აქტიურად მონაწილეობდნენ სოფელ ძევერის სოფლის მეურნეობის საქმიანობაში,რისთვისაც რესბუპლიკის სიგელიც დაიმსახურა.
მე–15 სკოლას 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა ქალბატონი გულნარი ჯაშაშვილი.მისი სკოლაში მოღვაწეობა დაემთხვა რეფორმების პერიოდს განათლების სისტემაში. ქალბატონმა გულიკომ ,როგორც ნამდვილმა “რეფორმატორმა”, სკოლას დაუბრუნა ადრინდელი სახელი და პოპულარობა:კეთილმოეწყო შენობა,მოწესრიგდა გათბობის სისტემა,ამაღლდა სწავლებისა და დისციპლინის ხარისხი.ჩატარდა მრავალი სასკოლო და სარაიონო ღონისძიება,პროექტი,დაწესდა ღია კარის დღე,გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
მე–15 საჯარო სკოლაში მრავალი ცნობილი პიროვნების სახელოვან გზას ჩაეყარა საფუძველი:
ლადო პაპავა,ზაზა აზმაიფარაშვილი,ზურაბ ჯანგულაშვილი,ზაზა მეზვრიშვილი,ილია გოგოლაძე,ზურა აზმაიფარაშვილი,კობა ლიკლიკაძე,ლია ანთაძე,პაატა ღაძაძე,ზურაბ ფოჩხუა და ბევრი სხვა წარმატებული ადამიანი მე–15 სკოლის აღზრდილია.
მე–15 საჯარო სკოლა ღირსეულად ასრულებდა თავის საგანმანათლებლო მისიას.მაღალი იყო მასწავლებელთა პროფესიონალიზმი,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხი. სკოლაში ტარდებოდა კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებები,მოსწავლეები მონაწილეობდნენ სარაიონო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში,ეწეოდნენ ქველმოქმედებას.
მე–15 სკოლის ბოლო დირქტორად მუშაობდა ქეთევან აბესაძე. 2008 წელს სკოლაში მოხდა ავარიული ჩამონგრევა. სკოლა დროებით განთავსდა 207–ე სკოლის შენობაში.
2010 – წლის აგვისტოში მოხდა სკოლის რეორგანიზაცია რის შედეგადაც მე–15 სკოლა შეუერთდა 207–ე საჯარო სკოლას თავისი მოსწავლეთა კონტიგენტითა და მასწავლებელთა კოლექტივით.
207–ე სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გაგებით მოეკიდა მე–15 სკოლის პრობლემებს.ერთცვლიანი სკოლა გადავიდა სწავლების სამცვლიან რეჟიმზე. დღესაც ერთად აგრძელებენ მუშაობას, მაგრამ “მეთხუტმეტელებს” მაინც აწუხებთ ნოსტალგია და იტოვებენ იმედს,რომ განათლების სამინისტრო დაინტერესდება არსებული პრობლემებით.
ჩვენ ხელმომწერები, სანზონის დასახლების მკვიდრნი და არამარტო, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გატარდეს ზომები და ხელი შეეწყოს ამ სკოლისთვის მისი ადრინდელი ფუნქციის დაბრუნებას .