საჭიროა 4161 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოქალაქეობის დასაცავად
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განცხადეს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტონ.
უკრაინის ბრძოლა აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ხანია გასცდა ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის კატეგორიას. 2022 წლის 24 თებერვლიდან ყველასთვის ცხადია, რომ რუსეთი ამ ომში ებრძვის არამხოლოდ უკრაინას, არამედ მისი სახით მთელ დასავლეთს, დასავლურ ფასეულობებს - როგორიცაა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, ებრძვის ამ ფასეულობების გავრცელებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო სწორედ ამ დასავლური ფასეულობების მატარებელი სახელმწიფოა და კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
შესაბამისად, საქართველოს თითოეული მოქალაქის ნაბიჯი, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას უკრაინა, არის გაღებული წვლილი - დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დასაცავად, საქართველოს მომავლის დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს, როდის შეიძლება დაკარგოს პირმა საქართველოს მოქალაქეობა და ამ საკითხის გადაწყვეტას ორგანულ კანონს მიანდობს. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ არსებული ჩანაწერი, იმდაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ხელისუფლების მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნების პირობებში, შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, ნაცვლად ქართული სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების გამოხატვისა, დაისაჯონ და საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ.
ამ საფრთხის რეალურობას პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გასულ თვეში გაკეთებული განცხადებები ამყარებს. მაგალითად, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, განაცხადა: “თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს.“ მსგავსი განცხადება გააკეთა ამავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონთამაშვილმაც, კერძოდ: „ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას.“
შესაბამისად, პეტიციაზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ვიცნობთ თანდართულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას წაართმევს საშუალებას, საქართველოს იმ მოქალაქეს შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის დეოკუპაციამდე საერთაშორისო სამართალში აღიარებული რომელიმე ფორმით იბრძვის ან უბრძოლია უკრაინის მხარეს და მხარს ვუჭერთ მას.
კონკრეტული საკანონმდებლო წინადადება:
“საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლიდან დაწყებული სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის დასრულებამდე იბრძვის/მსახურობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობაში, ასევე ამ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალ სახალხო ლაშქრისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობაში, ასევე სხვა ლაშქრებისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობაში, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების იმ პირადი შემადგენლობის ჩათვლით, რომლებიც უკრაინულ მხარეს ეკუთვნიან და საკუთარ ტერიტორიაზე ან მის გარეთ მოქმედებენ. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, როცა ეს ტერიტორია ოკუპირებულია, თუმცა იმ პირობით, რომ ასეთი ლაშქრები ან რაზმები, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების ჩათვლით, შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ:
ა) მათ მეთაურობს პირი, რომელიც პასუხს აგებს ხელქვეითებზე;
ბ) აქვთ განსაზღვრული, შორიდან გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი;
გ) ღიად ატარებენ იარაღს;
დ) თავიანთი ოპერაციების განხორციელებისას მოქმედებენ ომის კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.