საკონტაქტო ინფორმაცია
გადავარჩინოთ ხევი დაცლისგან!

დასრულებული

600
600
ადრესატი:
  • პრემიერ-მინისტრს, ყაზბეგის საკრებულოსა და გამგეობას
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს პარლამენტი

გადავარჩინოთ ხევი დაცლისგან!

მოგახსენებთ, რომ 2011 წლიდან ყაზბეგის რაიონში დაიწყო სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელთა მიმართაც ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია ცდილობს ხელისუფლებისა და სპეციალისტების ყურადღების მიპყრობას.

2011 წლიდან დღემდე რაიონის მასშტაბით 4 ჰიდროელექტრო სადგური აშენდა. მიუხედავად ადგილობრივებისა და სპეციალისტების არაერთი გაფრთხილებისა, არ მოხდა იმ საფრთხეების გათვალისწინება, რაც ამ პროექტებს ახლდა თან და მივიღეთ კატასტროფული შედეგები ადამიანთა მსხვერპლით. 

გარდა ამ 4 პროექტისა, ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე პერსპექტიული პროექტების ნუსხაში წამოდგენილი 7 პროექტიც ელის ინვესტორს. მოცემულ პროექტებთან დაკავშირებითაც  უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

2015 წლის სექტემბერში სოფელ ცდოში გამოჩნდა სამშენებლო ტექნიკა - როგორც აღმოჩნდა გაურკვეველ პირებს მაღალი ძაბვის ახალი გადამცემი ხაზის  მშენებლობის დაწყება სურდათ. კომპანიას არ გააჩნდა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნებართვა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, ამასთან, მოხდა მოსახლეობის ტრადიციულ საკუთრებაში არსებული მიწების მისაკუთრება კომპანიის მიერ ისე, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები საქმის კურსში არ იყვნენ. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, სამუშაოები დღემდე ვერ დაიწყეს მოსახლეობის აქტიური წინააღმდეგობის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას დღემდე არ აქვს შესაბამისი ნებართვა და სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

ჩვენს მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად,  ყაზბეგის რაიონში იგეგმება 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის (220 კვ-ან გაბარიტებში) რეკონსტრუქცია და ახალი მაღალი ძაბვის 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობა.

მოგეხსენებათ, ყაზბეგის რაიონის სოფლები გაშენებულია ვიწრო ხეობებში, ხოლო გადამცემი ხაზების გატარება სოფლების სამოსახლო ტერიტორიებზეა განზრახული  და, შესაბამისად, ეს პროექტები სპობს სოფლების განვითარების პერსპექტივას. იმის ფონზე, რომ მოსახლეობის შენარჩუნება მთაში, მით უმეტეს, სასაზღვრო რეგიონში სახელმწიფოს პრიორიტეტია, გაუგებარია, რას ემსახურება მსგავსი პროექტები, რომელთა საჭიროების შესახებ არგუმენტები ძალიან ბუნდოვანია?! 

500 კვ-იანი გადამცემი ხაზის პროექტის განხორციელება იგეგმება ისე, რომ ოფიციალური და არაოფიციალური წარმომადგენლებისგან დღემდე ვერ მივიღეთ მისი განხორციელების აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის დამადასტურებელი სერიოზული არგუმენტები, ხოლო რაც შეეხება 110 კვ-იანი (220 კვ-ან გაბარიტებში) ხაზის რეკონსტრუქციას, საჭიროდ მიგვაჩნია ჩატარდეს კანონმდებლობით განსაზღვრული სრულყოფილი საპროექტო სამუშაოები, სადაც გათვალისწინებული იქნება დასახლებული პუნქტებიდან გადამცემი ხაზის მაქსიმალური არიდება, და  სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე  მავნე ზემოქმედების მინიმალიზაცია.

ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი მნიშვნელობისა და მასშტაბის პროექტების მიზანშეწონილობისა და საჭიროების დასაბუთების გარეშე განხორციელება, მაშინ როცა ეს მთის მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს ხელყოფს და გარდაუვალ მიგრაციას იწვევს მნიშვნელოვან სასაზღვრო რეგიონიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ შეისწავლოთ საკითხი და აღმოგვიჩინოთ მხარდაჭერა, რათა არ მივიღოთ  სავალალო და გამოუსწორებელი დემოგრაფიული შედეგები, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე.