საჭიროა 7858 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- საქართველოს პარლამენტი
გადავარჩინოთ იპოდრომის ტერიტორია !
წინამდებარე პეტიციაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ:
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძველი იპოდრომის ტყიან ტერიტორიას არ შეეცვალოს სარეკრეაციო ზონის 1-ის სტატუსი და თბილისის მოსახლეობას არ შეეზღუდოს სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, რადგან ამ ადგილით სარგებლობენ არამარტო საბურთალოს მცხოვრებნი, არამედ მთელი თბილისი. საუბარია ახლახანს გასხვისებულ ნაკვეთებზე: ს/კ 01.10.16.004.272, 01.10.16.004.285 და 01.10.16. 004.283.
იპოდრომის ტყის მხარეს არ მოხდეს მშენებლობა და დაიწყოს მექანიზმების გამონახვა, რომ აღნიშნული ადგილი დაუბრუნდეს ქალაქს (გამოსყიდვის ან ადგილმონაცველობის მრავალი პრეცენდენტია). ასევე მოვითხოვთ, იპოდრომის მთელი ტერიტორიის ცენტრალურ პარკად გარდაქმნის პროცესი იყოს გამჭირვალე და მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციით ჩამოყალიბდეს პარკის ლანდშაფტურ-არქიტექტურული კონცეფცია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არც ერთი მთავრობის მმართველობის პირობებში არ მომხდარა მსგავსი პრეცენდენტი, მიგვაჩნია, რომ ასეთი თანამშრომლობით იბადება ევროპული სახელმწიფო და ფასეულობები. ურბანული გენოციდის მაგივრად შევქმნათ ევროპული იპოდრომი.
ამჟამად ტერიტორია წარმოადგნებს ერთ-ერთ ბოლო კუნძულს, სადაც თბილისელთა არაერთი თაობა გაიზარდა, ზრდიდა და ზრდის შვილებს, შვილიშვილებს, ატარებს მშვიდ სიბერეს, დაკავებულია ფიზიკური აქტივობით, ეზიარება ბუნებას, ბოლოსდაბოლოს, სუნთქავს სუფთა ჰაერს, რომელიც ასე დეფიციტური გახდა ჩვენს ქალაქში.
ძველი იპოდრომის ტერიტორია არა მხოლოდ ვაკე-საბურთალოს ე.წ. „ფილტვებია“, არამედ ჟანგბადით ამარაგებს თბილისის საკმაოდ ვრცელ ნაწილს, ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქის განიავებაში. მსგავსი მწვანე კუნძულების განაშენიანებით განადგურება იწვევს ეკოსისტემის რღვევას, საშიშროებას ქმნის მეწყრული პროცესების განვითარებისა, უკუეფექტს იძლევა ქალაქში შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსისათვის.
მოვითხოვთ, პირველ რიგში, დედაქალაქის საკრებულოსგან:
არ დაუშვას რეკრეაციული სტატუსის მოხსნა იპოდრომის ტყისთვის და გამოიჩინოს საკუთარი ქალაქის მიმართ პატრიოტიზმი და სიყვარული.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეასრულოს თავის ფუნქცია და დაიცვას საქართველოს დედაქალაქის მწვანე ადგილები მასობრივი გაჩანაგებისგან.
თბილისის მერიამ არ მისცეს მსვლელობა პროექტს, რომელიც ორიენტირებული იქნება დედაქალაქის მწვანე ზონების განადგურებაზე, კონკრეტულად, ამ შემთხვევაში იპოდრომის ტყის ტერიტორიაზე და უსწრაფესად დაიწყოს მექანიზმების მოძიება, რათა ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდეს.
საქართველოს პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა, დედაქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, პარლამენტში, მოიწვიონ კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელზეც გაანალიზდება თბილისში შექმნილი უმწვავესი ვითარება და შევიდეს ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის რეკრეაციული ზონების სტატუსის შეცვლას.
პეტიციის ადრესატები არიან:
თბილისის საკრებულო
თბილისის მერია
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო