დასრულებული
ადრესატი:
- თბილისის მერია
სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახელმწიფო ვალის ანაზღაურება
თბილისის მერს
ბატონ დავით ნარმანიას
2016 წლის 9 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოსცა #419 განკარგულება, რომლის თანახმად „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, დედაქალაქში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი ვალდებულების საკითხის მოგვარების მიზნით, ქალაქ თბილისის მერიამ უნდა უზრუნველყოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა, მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე მათი მხრიდან უარის თქმის სანაცვლოდ.
თბილისის მერიის სსიპ "ქონების მართვის სააგენტო"-ს მიაჩნია, რომ ვალის სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონება შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთები, რომელზეც უნდა აშენდეს საცხოვრებელი სახლები.
სამწუხაროდ, დაზარალებულებს არ გააჩნიათ მშენებლობისათვის საჭირო ფინანსური რესურსი.
შესაბამისად:
- მოსაძიებელია ინვესტორი, რომელიც განახორციელებს თავისთვის მომგებიან და მიმზიდველ ბიზნეს-პროექტს და შეასრულებს საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს,
- დაზარალებულთათვის გადასაცემად შერჩეულ მიწის ნაკვეთებს თბილისის მერიის და საკრებულოს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიანიჭონ მოქმედი წესებით ნებადართული განაშენიანების, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები და ფუნქციური ზონის სტატუსი, რომელიც ინვესტორისათვის იქნება ხელსაყრელი.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის #419 განკარგულება კანონიერად და იურიდიული ძალის მქონედ, შესასრულებლად სავალდებულოდ იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე #3/3437-16).
ამ სასამართლო პროცესში სასამართლოს მიერ მესამე პირებად ჩართული გახლდათ:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად,
- კავშირი „კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულთა უფლებების დაცვა“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ჩვენ მოვიძიეთ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი.
შესაბამისად, მოძიებული გვყავს პოტენციური ინვესტორები, რომლებიც მიწის ამ ნაკვეთებზე ააშენებენ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს და საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილებენ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებულთა მნიშვნელოვან ნაწილს.
გთხოვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით თქვენთვის მონიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, დაავალოთ მერიის შესაბამის სამსახურებს, უზრუნველყონ:
1. შერჩეული მიწის ნაკვეთებისათვის მოქმედი წესებით ნებადართული განაშენიანების, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებისა და ფუნქციური ზონის სტატუსის მინიჭება, რომელიც ინვესტორისათვის იქნება ხელსაყრელი.
2. კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის ამ მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა, მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე მათი მხრიდან უარის თქმის სანაცვლოდ.