საჭიროა 2626 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
შეჩერდეს საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება!
ჩვენ, პეტიციაზე ხელისმომწერნი, წარმოვადგენთ ახალგაზრდა ექიმებს, რეზიდენტებს და სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს. მიგვაჩნია, რომ, ჩვენი მოსაზრების დაფიქსირება, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის მომავლისათვის, ასევე ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. საკითხი ეხება საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილების საფუძველზე ცალკეული სამედიცინო სერვისების ტარიფიკაციის ცვლილებას.
პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ მივესალმებით ყველა რეგულაციას, რომელიც აუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს და ზრდის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, რამდენადაც ჩვენთვის პაციენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უზენაესი ღირებულება.
თუმცა, შეუსაბამოდ და არაგონივრულად მიგვაჩნია საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც, არა თუ აუმჯობესებს, არამედ, საფრთხის ქვეშ აყენებს, პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგან, სამინისტროს მიერ მოწოდებული განფასება შემთხვევათა უმეტესობაში არ ფარავს საერთაშორისო სტანდარტით უზრუნველყოფილი ჩარევისთვის აუცილებელ ხარჯებს.
რეგულაცია უდიდეს ზიანს გვაყენებს ჩვენც, ახალგაზრდა ექიმებს, შემდეგი მიზეზების გამო:
· თუ ჰოსპიტლებს მოუწევთ მოცემული ტარიფებით მუშაობა, ისინი ვეღარ შეძლებენ სამედიცინო სფეროს განვითარებას და სიახლეების შემოტანას. მოგეხსენებათ, მედიცინა მუდმივად განვითარებადი დარგია და თუ არ გვექნება საშუალება, ჰოსპიტლებში თანამედროვე მედიცინის შესაბამისი გამოცდილება შევიძინოთ, ჩვენი თეორიული ცოდნა ვერ მოვა თანხვერდაში პრაქტიკულ ნაწილთან. სათანადო პრაქტიკული სწავლებისა თუ საქმიანობის გარეშე კი, ვერ ჩამოვყალიბდებით პროფესიონალ ექიმებად და ფაქტობრივად ვკარგავთ შესაძლებლობას, ფეხი ავუწყოთ გლობალურ გამოწვევებს.
· დადგენილების გამო ჰოსპიტლებს უწევთ ხარჯის შემცირება, რამაც უკვე გამოიწვია გამოცდილი კადრების სამსახურიდან განთავისუფლება. თუ სამუშაო ადგილების შემცირება გაგრძელდება, ახლგაზრდა ექიმები და სტუდენტები ვეღარ მოვახერხებთ გამოცდილი მენტორებისგან სწავლას ან დასაქამებას კლინიკებში, რის შედეგადაც ჩვენ ვერ შევძლებთ კვალიფიკაციის ამაღლებას და სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.
მიუხედავად საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, უმაღლესი განათლების სისტემის არსებული სტანდარტი, საშუალებას გვაძლევდა, განვითარებული ყვეყნების შესაბამის პროფესიონალებად შევმდგარიყავით. სულ რამდენიმე თვის წინ, ქართული უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი გაწევრიანდა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს (EQAR-The European Quality Assurance Register for Higher Education) რეესტრში, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენი განათლება უტოლდება ევროპულ სტანდარტს და მეტად გაგვიხსნა გზა, განვითარებული ქვეყნებისკენ. ამ პროცესის უწყვეტობა გვაძლევდა იმედს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მიღებული განათლებით, შევძლებდით მომავალში მონაწილეობა მიგვეღო ქართული ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და არსებული პრობლემების აღმოფხვრაში.
თუმცა, სამინისტროს მხრიდან გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც პასუხობდა კლინიკების ღია წერილს, მოყვანილია არასაკმარისად არგუმენტირებული ფაქტები და სტატისტიკები.
წერილში აღნიშნულია, რომ:
"აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ 2018 წელს 41 000-ზე მეტი გარდაცვალების მაჩვენებელი დაფიქსირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურების შემთხვევებში".
"გარდა სტატისტიკისა, ყურადღებას იპყრობს გადარცვალების მიზეზების ანალიზი. მიზეზებს შორის მრავლად არის წარმოდგენილი ისეთი ნოზოლოგიები, რომელთა ხარისხიანი მოვლისა და კვალიფიციური დახმარების პირობებში, არა ლეტალური გამოსავლით, არამედ პაციენტის გამოჯანმრთელებით დასრულების შესაძლებლობა არსებობდა. ანალიზმა ასევე ცხადყო, რომ გადაცვალების კონკრეტული მიზეზი, ერთსა და იმავე სამედიცინო დაწესებულებაში მაღალი ჯერადობით დაფიქსირდა, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, აქვს თუ არა კლინიკას საკმარისი შესაძლებლობა მართოს ის მდგომარეობები, რაზეც მას აქვს მინიჭებული უფლება. სამინისტრო ზედმიწევნით გამოიძიებს გარდაცვლილი პაციენტების უკლებლივ ყველა შემთხვევას, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.“
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და ასევე სამედიცინო სფეროს, ზემოაღნიშნული წერილით კი ზრდის აგრესიას ექიმების მიმართ, რაც ექიმებს უქმნის საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს. შედეგად ჩვენ ვიღებთ მომრავლებულ რაოდენობას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა, როგორც მოხდა ბატონი გიორგი მაღალაშვილის შემთხვევაში, 20 ნოემბერს, როდესაც მას პაციენტის ახლობელი ფიზიკურად გაუსწორდა.
ასევე, თუ ზედმიწევნით არ ჩატარებულა გამოძიება გარდაცვლილი პაციენტების შემთხვევებზე, რატომ აქვეყნებს ჯანდაცვის სამინისტრო მსგავს დასკვნას კვალიფიციურ დახმარებაზე და ხარისხიან მოვლაზე? რატომ აფასებს ექიმების 24 საათიან მორიგეობებსა და თავდაუზოგავ შრომას მხოლოდ სიკვდილიანობის მაჩვენებლით და არა გადარჩენილი პაციენტების რაოდენობით?!
ეს არის მხოლოდ ვარაუდი და ემსახურება მოსახლეობაში ეჭვის გაზრდას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების არაკვალიფიციურობაზე, რაც მიგვაჩნია ჩვენი უფლებების შელახვად და სრულიად სამედიცინო სფეროს დისკრედიტაციად. რასაც შედეგად შეიძლება მოყვეს შემდეგი:
· საზოგადოებაში ისეთი აზრის ჩამოყალიბება, რომ ექიმები არიან არაკომპეტენტურები, რაც განაპირობებს მათ მიმართ ნდობის დაკარგვას. აღნიშნულის შედეგად, დაზარალდებიან პაციენტებიც, რადგან, ექიმების მიმართ უნდობლობა გაზრდის თვითმკურნალობის შემთხვევებს, რამაც შესაძლოა ლეტალური შედეგიც კი გამოიღოს.
· საქართველოდან ახალგაზრდა ექიმებისა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების გადინება, ქვეყნებში სადაც მოახერხებენ დასაქმებას, განვითარებას და იქნებიან დაფასებულნი, უსაფრთხო სამუშაო გარემოში.
ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:
· დაუყოვნებლივ შეჩერდეს საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება მასში არსებული ყველა ხარვეზი, დარგობლივ ასოციაციებთან ერთობლივი მუშაობით. ეს რეგულაცია არსებულ და მომავალ ექიმებს ხელს გვიშლის ჩვენი საქმიანობის ღირსეულად შესრულებაში.
· ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვცეს არგუმენტირებული და ფაქტებით დადასტურებული პასუხი, თუ რას ეფუძნება ზემოაღნიშნული ბრალდებები სამედიცინო საზოგადოების მიმართ. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, ხოლო მტკიცებულებებით დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მოიხადოს საჯარო ბოდიში!