გიგი თევზაძე
დაიბადა 1967 წლის 22 ივნისს თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1989 წელს ფილოსოფიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. 1992 და 1997 წლებში, შესაბამისად, დაიცვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
მისი სამუშაო ისტორია მოიცავს სხვადასხვა გამოცდილებას, როგორებიცაა: საველე სამუშაო იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენის ცენტრში (1985-1995), რეგიონული გაზეთის გამომცემელი (1987-1988), ლექტორი (1992-დან დღემდე), სამთავრობო რეფორმების კონსულტანტი (1995-1997 – UNDP, 2000-2001 – მსოფლიო ბანკი). სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსის (1997-2000), სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრის (2001-2003), საქართველოს განათლების რეფორმის პროექტის დირექტორის (2004-2006), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის (2006-2013) თანამდებობებზე; 2006 წელს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და დავალებით დააარსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა წელს ეკავა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 4D კვლევების ინსტიტუტის დირექტორია.
არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 16 წიგნისა და რამდენიმე ათეული ბლოგის ავტორი ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, მაკედონიურ და რუსულ ენებზე. კვლევის სფეროებია - ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტიკური ანთროპოლოგია, განათლების პოლიტიკა, ევოლუციის თეორია, ეთნოეკოლოგია, ადამიანის გენეტიკა, სოციალური ნეირომეცნიერება და ტვინის კვლევა. 16 წიგნიდან 3 მხატვრული ლიტერატურის ჟანრისაა.