საკონტაქტო ინფორმაცია
მხარი დაუჭირე რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დაფინანსებას

საჭიროა 622 ხელმოწერა

1378
2000
ადრესატი:
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • თბილისის საკრებულო

მხარი დაუჭირე რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დაფინანსებას

პეტიცია შემუშავებულია რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის მიერ და მიმართულია საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თხოვნით

 საფუძველი

რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების პროგრესირებადი, შეუქცევადი დაზიანება და  ქმედუუნარობის განვითარება. ყოველი მეასე ადამიანი დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით, ქალები 3-ჯერ ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები და დაავადება უპირატესად ვითარდება 35-60 წლის ასაკის ინდივიდებში.  გლობალური სტატისტიკის მიხედვით  რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა 2/3 აღენიშნება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ქმედუუნარობა, ხოლო 10%-ს - მძიმე ქმედუუნარობა. განვითარებად ქვეყნებში პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმიდან 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და შესაბამისად საარსებო წყაროს. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია შემცირდეს 5-10 წლით.  რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო საშუალებები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. პირველი ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და გლუკოკორტიკოსტეროიდები, იძლევა მხოლოდ სიმპტომურ შვებას, მაშინ, როცა მეორე ჯგუფის პრეპარატები (დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული მედიკამენტები და ბიოლოგიური პრეპარატები) განაპირობებენ  რევმატოიდული ართრიტის პროგრესირების შეფერხება/შეჩერებას და სახსრების ფუნქციის შენარჩუნებას.

საერთაშორისო  რეკომენდაციების (EULAR, ACR)  მიხედვით მკურნალობა იწყება დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული  მედიკამენტებით. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული თერაპია შედეგს არ იძლევა, ეფექტი არასაკმარისია ან აღინიშნება აუტანლობა ამ პრეპარატებისადმი)საჭიროა მკურნალობის სქემას დაემატოს ბიოლოგიური მედიკამენტები.

ბიოლოგიური პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორი ალფას ინჰიბიტორები, ინტერლეიკინის ინჰიბიტორები, B უჯრედებზე მიმართული პრეპარატები. აღნიშნული მედიკამენტები კარგიდან საუკეთესო შედეგს იძლევა დაავადების პროგრესირების შეფერხებისა და სახსრების ფუნქციის შენარჩუნების თვალსაზრისით, თუმცა მათი მაღალი ფასი განაპირობებს იმას, რომ მხოლოდ ერთეული პაციენტები იღებენ ადექვატურ მკურნალობას.

საქართველოში ბიოლოგიური თერაპია არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამიტომ იგი არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა  უმრავლესობისთვის.  პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ ქმედუნარიანობა მხოლოდ იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო.

თხოვნა

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით:

სახელმწიფომ დააფინანსოს იმ რევმატოიდული ართრიტით დაავადებული  პაციენტების  ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც რეზისტენტულნი არიან დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული  მედიკამენტებით მკურნალობისადმი ან აღენიშნებათ აუტანლობა მათ მიმართ

პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები  ჩამოთვლილ დებულებებს.

 წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის.