საკონტაქტო ინფორმაცია
დაინიშნოს მეგა-სკოლაში მუნიციპალური ტრანსპორტი

საჭიროა 1741 ხელმოწერა

259
2000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • თბილისის მერია

დაინიშნოს მეგა-სკოლაში მუნიციპალური ტრანსპორტი

განათლების ხელმისაწვდომობა გულისხმობს მოსწავლის ფაქტობრივ შესაძლებლობას მივიდეს სკოლამდე და ამისთვის გამოიყენოს მუნიციპალური ტრანსპორტი.

ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და უპირატესობა მიანიჭოს მას.

რამდენადაც მეგა სკოლის ფუნქციონირება დაიწყო 2021 წლის სექტემბერში, ხოლო მშენებლობა, კი  უფრო ადრე, 2019 წელს,  მუნიციპალიტეტისთვის იმთავითვე ცნობილი იყო სკოლაში მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროების თაობაზე, მით უფრო, რომ მეგა სკოლის მიმდებარედ შენდება/აშენებულია მრავალსართულიანი კორპუსები, რომელთა აშენებისთვის ნებართვას გაცემულია იმავე მუნიციპალიტეტის მიერ. ცხადია, მოსახლეობის გაზრდასთან ერთად იზრდება მოსწავლეთა რაოდენობა და შესაბამისად, სკოლისკენ მიმავალი მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა.  მიუხედავად ამ გარემოებისა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტის დამატება მოხდა რამდენიმე ეტაპად, თბილისის სხვადასხვა უბნებზე, თუმცა არავის გახსენებია თბილისის ყველაზე მრავალრიცხოვანი მეგა სკოლის მოსწავლეები.

სწორედ ამიტომ სკოლის დირექტორმა ქ-ნ ინგა სააკაშვილმა მოსწავლეთა (ბავშვების) საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სკოლის ტერიტორიის გავლით მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა თბილისის მერიას, თუმცა  ქ. თბილისის  მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული  განვითარების სააგენტოს (წარმომადგენელი უფროსის სახით: დავით ჯაიანი)               16-0123170392  წერილით 2023 წლის 19 ივნისს უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც ეწინააღმდეგება საჯარო დაწესებულების მიერ ბავშვების/მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების ვალდებულებას, არღვევს განათლების უფლებას, ბავშვთა თანასწორობის უფლებას.

ამასთან,  შეგახსენებთ, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლით ,,სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს და იღებს განსაკუთრებულ ზომებს ნებისმიერი სახის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“.  მეგა სკოლის მოსწავლეები იმყოფებიან არათანაბარ პირობებში ქ. თბილისის საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებთან შედარებით, რომელთა სკოლის მიმდებარედ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. სახეზე გვაქვს სახელმწიფოს მიერ მეგა სკოლის მოსწავლეების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ტერიტორიული ნიშნით, განათლების ხელმისაწვდომობის უფლებასთან მიმართებაში.  მეგა სკოლის მოსწავლეებს არ გააჩნიათ მუნიციპალური ტრანსპორტით სკოლაში ან სკოლის მიმდებარედ მიმოსვლის შესაძლებლობა (ფაქტობრივი გარემოება N5) თბილისის სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებით, მაშინ როდესაც მეგა სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე (სკოლის მდებარეობა, კლიმატი, მრავალრიცხოვნობა) ამის საჭიროება უფრო მეტად არსებობს. აღნიშნული გარემოება ყურადღებამისაქცევია, არა მხოლოდ განათლების ხელმისაწვდომობისა და მიმოსვლის შესაძლებლობის უფლებების ჭრილში, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ოჯახის კეთილდღეობის და მხარდაჭერის ვალდებულებასთან მიმართებაშიც.

კერძოდ, რადგან სკოლის მოსწავლეებისთვის თბილისში სამგზავრო ბილეთი უფასოა, მეგა სკოლის მოსწავლეები, კი ამ სარგებელსაც მოკლებულნი არიან.  მათ მშობლები იძულებული არიან ისარგებლონ კერძო ტაქსით, განსაკუთრებით ცუდ ამინდში, რადგან  ქარში და წვიმაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების გადაადგილება, ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ მეგა სკოლის მოსწავლეების მშობლებს უხდებათ მეტი ფინანსური ხარჯის გაწევა. ისინი, ვერ სარგებლობენ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი სარგებლით - მოსწავლეებისთვის უფასო ტრანსპორტით.

მოთხოვნა: ჩვენ მეგა სკოლის მოსწავლეები და მშობლები, მოგმართავთ თხოვნით ყველა ზემოთჩამოთვლილ უწყებას და მათ ხელმძღვანელებს, ითანამშრომლეთ ერთმანეთთან, გამოიყენეთ ყველა თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობა, რათა აღმოიფხვრას მეგა სკოლის მოსწავლეების მიმართ უთანასწორო მოპყრობა, დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი მეგა სკოლის შიდა ეზოს გავლით, რომელიც იმოძრავებს მოკლე მანძილზე (დიღმის ტერიტორიაზე ე.წ. წრიული მარშუტით ორივე მიმართულებით) და შესაძლებელს გახდის სკოლაში მიმოსვლას.