საჭიროა 4920 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს სახალხო დამცველი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთათვის და ქორწინების შედეგად შეძენილი მათი ოჯახის წევრთათვის, გამარტივდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა უფლებების მდგომარეობაზე, მრავალ ასპექტში შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ პრობლემა, რაზეც ამჯერად გვინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, ნამდვილად განსაკუთრებულია.
თავიდანვე ვიტყვი, რომ საკითხის ინტერესებიდან გამომდინარე, თემის ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად გამოყენების ყოველგვარი მცდელობა, იმთავითვე უნდა გამოირიცხოს.
საქმე ეხება, ოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნოწმენდის მიზეზით დევნილ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სრულიად გასაგები მიზეზების, იძულებით და აუცილებლობის გამო, მიღებული აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეობის მიღების სტანდარტული პროცედურით, თითქმის გადაულახავ დაბრკოლებას ვუქმნით და ამავე «სტანდარტული» მიზეზებით, უარს ვეუბნებით.
მოკლედ გვაქვს აბსურდული სიტუაცია, როცა 30 წლის განმავლობაში, სხავდასხვა დონეზე და ლტოლვილთა დაბრუნების აუცილებლობის შესახებ ვსაუბრობთ. ამ დროს კი, მოქალაქეს, რომელსაც თავის დროზე საკუთარმა სახელმწიფომ ვერ შეუქმნა შესაბამისი პირობები, იძულებული გახდა თავი გადასარჩენად ქვეყანა დაეტოვებინა, ანუ შეძლო თავად ეზრუნა საკუთარ ოჯახზე და როცა დღეს გაუჩნდა შესაძლებლობა დაბრუნდეს, ან მეტი კონტაქტი იქონიოს თავის ქვეყანასთან, არათუ აფხაზეთში, არამედ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი, დაბრუნების შესაძლებლობას თავად ჩვენ ვუსპობთ.
სიტუაციის აბსურდულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ვერც მოქმედ კანონმდებლობაზე ვიტყვით, რომ მოქალაქეობის მიღების მსურველს, რაიმე არალეგიტიმურ მოთხოვნებს უყენებს. არა, ალბათ ზოგადად და ნორმალურ პირობებში, წესი შეიძლება უფრო მკაცრიც იყოს, მაგრამ ეს არსებული წესი, ჩვენი ქვეყნის სპეციფიკას არანაირად არ ითვალისწინებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ ხშირია სიტუაცია, როცა აფხაზეთში დაბადებულს, მაგრამ იძულებით სხვა ქვეყანაში მცხოვრებს და იძულებითვე მოქალაქეობა დაკარგულს და დაბრუნების მსურველს, მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან. ძირითადი მიზეზი, ქართული ენის ფლობის არასაკმარისი დონე.
რეალურად რასთან გვაქვს საქმე?! ზოგადად აფხაზეთში, ქართული ენის ფლობის ხარისხი, არც კონფლიქტამდე იყო სახარბიელო. აფხაზეთში ისტორიულად და ბუნებრივად საკომუნიკაციო ენას, აფხაზური და მეგრული წარმოადგენდა, ზუსტად ისევე როგორც სამეგრელოში - მეგრული. და ეს, ერთადერთი მიზეზით, სწორედ ეს იყო აქაური ბუნებრივი გარემო.
საქმისწარმოების ერთიანი სახელმწიფო სისტემისა და განათლების ქართულად წარმოების შედეგად, ქართული ენა სამეგრელოში ადვილად დამკვიგრდა, მაგრამ სამეგრელოსგან განსხვავებით, აფხაზეთში საქმისწარმოება ძირითადად აფხაზურად და რუსულად წარმოებდა, ადამიანებს შორის, ძირითად საკომუნიკაციო ენებად კი აფხაზური და მეგრული რჩებოდა. კარგი იყო თუ ცუდი, სამეგრელოსგან განსხვავებით, აფხაზეთში ქართულის ცოდნის აუცილებლობა პრაქტიკულად არ არსებობდა. ფაქტი იყო ასეთი.
სავარაუდოდ გაჩენილი კითხვების პასუხად, წინასწარვე ვიტყვით, რომ ასე ხდებოდა არა იმის გამო, რომ ვინმე საკუთარ ენაზე ამბობდა უარს, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ ბუნებრივად და ისტორიულად ეს იყო მეგრულენოვანი გარემო და ამ ადამიანებს ქართულის არცოდნით საკუთარ ენაზე კი არ უთქვამთ უარი, არამედ ფლობდნენ იმავე ენას რასაც საუკუნეების განმავლობაში, ყველა მათი წინაპარი ფლობდა. როგორც აღვნიშნეთ, სამეგრელოში კი ქართულის აუცილებლობა განათლების სისტემის და საქმისწარმოების ქართულენოვნობამ გამოიწვია. აფხაზეთში კი ეს აუცილებლობა არ არსებობდა. ესეც უბრალოდ ფაქტია.
და როგორც მოგახსენეთ, იძულებითი დევნილობის შემდეგ ამ ადამიანებს, რომლებმაც ასევე იძულებით დაკარგეს მოქალაქეობა, დღეს, როცა დაბრუნების საშუალება და სურვილი უჩნდებათ, საკუთარი ქვეყანა, კანონის მოუქნელობის, ისტორიული, თუ უახლესი წარსულის სპეციფიკის გაუთვალისწინებლად, ძირითადად ენის ბარიერის მიზეზით, მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება.
არის კიდევ ერთი მომენტი. ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსული ნებისმიერი აფხაზი, ან სხვა, ყოველგვარი, ენის ფლობის დონისა, თუ სხვა სტანდარტული დაბრკოლების გარეშე იღებს საქართველოს მოქალაქეობასა და პასპორტს. არ იხდის არც გადასახადს, რაც 500 დან 1000 ლარამდე მერყეობს. და ეს ძალიან კარგია. თუ ოკუპაციის ფაქტს არ ვაღიარებთ, ასეც უნდა იყოს. ყოველი მათგანი საქართველოს მოქალაქეა. მაგრამ რაოდენ უსამართლობაა, როცა, იქ დაბადებულ ადამიანს, იძულებით დევნილს, იძულებით მოქალაქეობა დაკარგულს, ზემოთაღწერილი ფაქტორების გათვალისწინებით, სრულიად უსამართლოდ, დამატებით მოთხოვნებს უყენებ და დაბრუნების და მოქალაქეობის მიღების მსურველს, ბარიერს უქმნი?!
მთელი აბსურდულობა იმაშია რომ, მართალია დღეს ამგვარი დაყოფა სრულიად მიუღებელია, მაგრამ თეორიულად და პრაქტიკულად, ვღებულობთ სიტუაციას, როცა კონფლიქტის დროს საოკუპაციო რეჟიმის მხარეს მდგომს, უმარტივესი პროცედურით ვაძლევთ მოქალაქეობას, ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლს კი უარს ვეუბნებით.
კიდევ ერთ აბსურდთან გვაქვს საქმე. თუ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილს, ქვეყნის დატოვებამდე, აღებული ჰქონდა ძველი ტიპის მოწმობა, ის ავტომატურად საქართველოს მოქალაქედ ითვლება და თუნდაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდეს მიღებული, განაცხადი მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით შეაქვს, რაც როგორც წესი მარტივად კმაყოფილდება. იმ შემთხვევაში კი თუ დევნილმა ქვეყანა, ადრეულ ეტაპზევე, ძველი ტიპის მოწმობების შემოღებამდე, ე.წ. საბჭოთა პასპორტით დატოვა, მას სახელმწიფო უყურებს, როგორც აბსოლუტურად უცხოს, რომელსაც არანაირი კავშირი ამ ქვეყანასთან არ ჰქონია და მოქალაქეობის მისაღებად უნდა გაიაროს სრული პროცედურა, გამოცდების ჩათვლით.
სიტუაციის აბსურდულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილეში ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილის უფლებას და მოქალაქეობას ის ტექნიკური მხარე კი არ განაპირობებს, ძველი ტიპის მოწმობის აღება მოასწრო თუ არა, არამედ ის, რომ ცხოვრობდა აფხაზეთში და უკანონოდ იქნა განდევნილი და თუ ვიღაცამ იძულებით, სხვაზე ადრე, ძველი ტიპის მოწმობების შემოღებამდე დატოვა ქვეყანა, ეს მხოლოდ მის სასარგებლოდ უნდა მეტყველებდეს, ვინაიდან სწორედ ის დარჩა საკუთარი ქვეყნისგან მზრუნველობის გარეშე და ქვეყანაც მეტ პასუხისმგებლობას სწორედ მის მიმართ უნდა გრძნობდეს.
ამიტომ, მოვითხოვთ საკითხი დადგეს სათანადო სიმაღლეზე და განხორციელდეს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილება. რათა, მოქალაქეობის დაბრუნების სურვილის მქონე ყველა დევნილს და ქორწინების შედეგად, მათი ოჯახის შეძენილ ყოველ ახალ წევრს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, გამარტივებული წესით მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.