დასრულებული
ადრესატი:
- თბილისის საკრებულო
- თბილისის მერია
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
პეტიცია საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ
პეტიცია შემუშავებულია გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მიერ. პეტიცია გამოქვეყნდა 2019 წლის 31 ოქტომბერს
აღნიშნული პეტიცია შემუშავდა, რათა მოხდეს საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საფუძველი
გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადებაა და მსოფლიოში ამ პათოლოგიით დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული. პირველი სიმპტომები საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში 20-დან 40 წლის პერიოდში ვლინდება და ამიტომ გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მოსახლეობაში არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია. გაფანტული სკლეროზი არის მიზეზი უნარშეზღუდულის სავარძლის ყველაზე ხშირად გამოყენებისა 18-64 წლის ასაკის მოსახლეობაში.
ადრე დაწყებული სწორი მკურნალობა მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადების აქტივობას და მასთან დაკავშირებულ უნარშეზღუდულობას.
გაფანტული სკლეროზის მკურნალობის სტანდარტად აღიარებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც დაავადების დიაგნოსტირებისთანავე უნდა იყოს გამოყენებული, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების მიმდინარეობას, პროგნოზს და დაავადებულის ცხოვრების ხარისხს.
საქართველოში რეგისტრირებულია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო დაავადების მამოდიფიცირებებელი რამოდენიმე პრეპარატი, თუმცა ისინი არ ფინანსდება ქვეყანაში მიმდინარე რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რის გამოც გაფანტული სკლეროზის მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა უმრავლესობისთვის. პაციენტები არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო! დროული მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ისინი დაუბრუნდნენ სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.
თხოვნა
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით:
სახელმწიფომ უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის და რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსება
პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები ჩამოთვლილ დებულებებს.
წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის,
პატივისცემით,
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები