საჭიროა 14159 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- კომუნიკაციების ეროვნული კომისია
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ერთად ქართული მედიცინისთვის
ჩვენ, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები, რეზიდენტები და მოქმედი მედ. პერსონალი ვითხოვთ შეხვედრის ჩანიშნვას იმ პირთან/პირებთან, ვინც პასუხისმგებელია ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე, რათა განვიხილოთ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან აქტუალურია და დიდ ვნებათაღელვას იწვევს ზემოაღნიშნულ რიგებში.
კერძოდ:
1) დღევანდელი მდგომარეობით რეზიდენტურის გავლა ჩვენს ქვეყანაში არის ფასიანი. ფასები სახელმწიფო და კერძო რეზიდენტურებს შორის საკმაოდ კონტრასტულია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეზიდენტურა არათუ ფასიანი, არამედ, პირიქით, ანაზღაურებადია. გვსურს, შემოგთავაზოთ ჩვენი ერთობლივი ხედვა ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით;
2)რეზიდენტურის გამოცდას ამჟამად ატარებს სამედიცინო რეგულირების სააგენტო. გამოცდა მიმდინარეობს მრავალი ხარვეზით და სამწუხაროდ, ვერ ხდება მისი მოწოდების სიმაღლეზე ჩატარების უზრუნველყოფა. აღნიშნული ხარვეზების უამრავი კომპრომატი შეგვიძლია, წარმოვადგინოთ შეხვედრისას. ალტერნატივად კი გთავაზობთ, ეს გამოცდები ჩაატაროს სპეციალურმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე მიუკერძოებელმა საბჭომ;
3)რეზიდენტურის საგამოცდო კითხვების დიდი ნაწილი არის მოძველებული, არ პასუხობს თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს, არის როგორც აზრობრივად, ასევე სტილისტურად გაუმართავი. ჩვენ წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს, და გთავაზობთ ჩვენეულ ხედვას, თუ რა გზებით შეგვიძლია, გავითვალისწინოთ, სხვა მოწინავე ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემასთან შეფარდებით;
4) გამოცდის ფორმატი არის 160 ე.წ ,,ღია კითხვა'' + 40 ,,დახურული'' კითხვა. რაც ნიშნავს იმას, რომ გამოცდის 200 კითხვიდან 160 პასუხებითურთ წინასწარაა ცნობილი და მისი მხოლოდ დაზეპირებაა საკმარისი იმისათვის, რომ გადალახო გამოცდის გამსვლელი ქულა. დანარჩენი 40 ,,დახურული'' კითხვიდან კი ხშირია წინა გამოცდებიდან განმეორებული კითხვები, ე.წ ,,გამოტანილები''. საბოლოო ჯამში, გამოცდა ამოწმებს არა მომავალი ექიმის პროფესიულ ცოდნას და კომპეტენციებს, არამედ დაზეპირებისა და წინა წლების ,,გამოტანილი კითხვების'' მოპოვების უნარებს. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება ამ ფორმატის გამოცდით მიღებული ქულა სწორად ასახავს თუ არა გამოცდის მონაწილეთა რეალურ ცოდნასა და გააზრებას. რადგან ის უფრო მეტად ემყარება უნარს, დაიზეპირო 160 ღია კითხვა და მოიპოვო რაც შეიძლება მეტი ,,დახურული და გამოტანილი '' ტესტის პასუხი. აღნიშნული არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს რეზიდენტურის გამოცდის მონაწილეებს;
5) წელს, ისევე, როგორც წინარე წლებში, სახელმწიფო რეზიდენტურაზე გამოცხადდა მხოლოდ ერთეული ადგილები, ეს დიდ ვნებათაღელვას იწვევს ჩვენში, იმის ფონზე, რომ კერძო რეზიდენტურაში სწავლა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჩვენ გთავაზობთ კონცეფციას, თუ როგორ მოხდეს დაბალანსება იმისა, რომ გამოცხადებული ადგილები მეტ-ნაკლებად საკმარისი იყოს იმ მაძიებლებისთვის, ვინც არამხოლოდ წარმატებით, არამედ უმაღლეს ქულაზე ჩააბარეს გამოცდა, სასურველ სარეზიდენტო ადგილზე კი ვერ მოხვდნენ ადგილების ერთეული ან სულაც არგამოცხადების გამო;
6) მიღების კრიტერიუმი კერძო კლინიკების რეზიდენტურაზე, ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანია, მაშინ, როცა სახელმწიფო რეზიდენტურაში მიღება ქულათა კონკურენციის გზით ხდება. გვსურს, ამ საკითხს მეტი სიცხადე მიენიჭოს. ამასთან, აღსანიშნავია კერძო კლინიკების მონოპოლიის საკითხი, რომელიც მათ აძლევთ საშუალებას, ერთპიროვნულად დააწესონ რეზიდენტურის ფასები ბაზარზე.
7) რეზიდენტურაზე ჩარიცხვისას კონკურენტთა ქულები ხილულია თავიდანვე, რითაც ხშირად ხდება ბოროტად სარგებლობა, და პრეტენდენტი უფრო დიდი ქულით, რომელმაც ვერ შეძლო სასურველ სპეციალობაზე მოხვედრა, ადგილს ართმევს სხვა შედარებით დაბალქულიან მონაწილეს სხვა სპეციალობაზე, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ დარჩეს სასწავლო პროცესის მიღმა და ისწავლოს, თუნდაც, მისთვის ნაკლებად საინტერესო სპეციალობაზე. ჩვენ გთავაზობთ, დაიხუროს მონაწილეთა ვინაობა რეგისტრაციის პროცესში და მხოლოდ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდეს ხილული ვინ და რამდენი ქულით შეძლო დარეგისტრირება სხვადასხვა სპეციალობაზე. ეს უკანასკნელი ნიუანსი არსებითად საჭიროა კონკურსის გამჭვირვალობის შესანარჩუნებლად.
ამ და სხვა საკითხების განსახილველად გვსურს, მოეწყოს შეხვედრა ზემოაღნიშნულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირთან/პირებთან და ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა ჩვენი ყველას სახელით ისაუბროს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რის წინაშეც ვდგავართ დღეს სტუდენტები, რეზიდენტები და უკვე მოქმედი ექიმები