საკონტაქტო ინფორმაცია
კულტურის კრიზისის დასაძლევად - შემოუერთდი მოთხოვნებს!

საჭიროა 368 ხელმოწერა

632
1000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

კულტურის კრიზისის დასაძლევად - შემოუერთდი მოთხოვნებს!

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და ზოგადმა კრიზისმა კულტურის ინდუსტრია განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დააყენა. საქართველოში კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა და სექტორში არსებული საშუალო ხელფასი, ეკონომიკის სხვა სფეროებთან შედარებით, ყველაზე უარესია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკმაოდ დიდ რესურსს გამოყოფს, მაგალითად თეატრალური სფეროსთვის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად სამართლიანად ნაწილდება ზემოაღნიშნული რესურსი. დისკრიმინაციის, შევიწროვების, მიზერული ანაზღაურებისა და  შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებთან ერთად, განსაკუთრებული პრობლემები გააჩინა, პანდემიის გამო, შექმნილმა საერთო კრიზისმა და შემდეგში უკვე შეზღუდვების უწყვეტმა ჯაჭვმა, რომელმაც კულტურის სფეროს ერთ წლიანი პარალიზება გამოიწვია. 

პანდემიის დასაწყისში, ხელოვანი ადამიანები, გაგებით მოეკიდნენ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო გამოწვეულ აკრძალვებს, მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციების გაცემის მხრივაც უამრავი პრობლემა წარმოეშვათ და ხელოვანთა უმრავლესობამ ვერ ისარგებლა სახელმწიფო დახმარების პროგრამის პირველი ტალღით, სექტორი მაინც მოთმინებითა და ნდობით იყო განმსჭვალული სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.  თუმცა კრიზისის პერიოდში მთავრობის, უფრო კონკრეტულად კი კულტურის სამინისტროს მხრიდან, აღნიშნული სექტორის მიმართ, გამოჩენილი უყურადღებობა და უპასუხისმგებლობა ყოველგვარ ზღვარს გაცდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა უბრალოდ აეკრძალა შრომა კულტურის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, თუმცა არ უსწავლებია მათთვის, როგორ გაეგრძელებინათ არსებობა შემოსავლის გარეშე. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, შემოქმედებითი სფერო მაინც ვერაფრით მოხვდა კომპენსაციების ახლებური გადანაწილების საკითხებზე მიმდინარე განხილვებშიც. სახელმწიფოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არ აქვს ხელოვანთა მიმართ რაიმე სახის კომუნიკაციას, არ შესწავლილა პრობლემატიკა და არავის მოუსმენია, პანდემიურ პროცესში თეატრების ფუნქციონირებაზე, თავად სფეროს წარმომადგენელთა აზრი, სრულად იყო უგულებელყოფილი სფეროში დასაქმებულთა მოსაზრებები პარალიზებული სფეროს ალტერნატიული განვითარების გზებთან დაკავშირებით, არ დაწყებულა მსჯელობა და სამზადისი პოსტ-პანდემიური მომავლისთვის.

ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ გარდა სახელმწიფო სუბსიდირებაზე მყოფი კულტურული სივრცეებისა, ასევე არსებობს დამოუკიდებელი (კერძო) სექტორიც, რომლისთვისაც თითოეული ღონისძიება წარმოადგენს არა მხოლოდ შემოქმედებით პროცესს, არამედ სარჩოსა და შემოსავლის წყაროს. დღეს ეს შემოქმედებითი ჯგუფები გაქრობის რისკის წინაშე დგანან და საჭიროებენ განსაკუთრებულ მხარდაჭერას. კულტურული პროცესის გაყინვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან მძიმე კვალს დაამჩნევს, როგორც თავად სფეროს და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ისე მთლიანად საზოგადოებას.

სწორედ ამიტომ, კულტურის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი „გილდია“ ვითხოვთ:

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნას ხელოვანთა ანტიკრიზისული საკონსულტაციო ჯგუფი. პრობლემატიკის შესწავლის, ბიუჯეტის ადეკვატურად დაგეგმვის, სახელოვნებო ორგანიზაციების პანდემიური და პოსტპანდემიური ფუნქციონირების საკითხებზე მსჯელობისა და გადაწყვეტისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი შეიქმნას დროის უმოკლეს პერიოდში, რათა შესაძლებელი გახდეს კულტურის სფეროს პირველი რიგის საჭიროებებისთვის სათანადო ფინანსების გამოყოფაზე მსჯელობა პარლამენტში, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში.

 

გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სახელოვნებო სივრცეების ტექნიკური გადაიარაღებისა და „გაციფრულების“ მხარდასაჭერად. გადანაწილდეს ფინანსური რესურსები ონლაინ სპექტაკლებზე აუდიტორიის უფასოდ დასწრების სუბსიდირებისთვის.

 

განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს შემოსავლის გარეშე დარჩენილ ხელოვანთა წვდომა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სოციალური დახმარების პაკეტებზე. ამისათვის დაიწყოს არასტანდარტულ შრომაში ჩართულ დასაქმებულთა აღრიცხვა და იდენტიფიცირება.

 

დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის შემუშავდეს დახმარებისა და შეღავათების დამატებითი პაკეტი.

 

მედიამრავალფეროვნების ხელშეწყობის ფარგლებში დაიწყოს კულტურის თემატიკაზე შექმნილი გადაცემების მხარდაჭერა.

 

გადაიხედოს ბოლო პერიოდში, სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციის გარეშე, გამკაცრებული რეგულაციები და განხილულ იქნას გამოსავალი ამ ჩიხური სიტუაციიდან, სადაც ან ვირუსი გკლავს ან შიმშილი.