დასრულებული
ადრესატი:
- თბილისის მერია
დაიცავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა!
"ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" სახელით - დავით ქაცარავა.
ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. N32-ში და კახეთის გზატკეცილზე, სავაჭრო ცენტრ „East Point“-ის მიმდებარედ განთავსებულ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენად.
მოგახსენებთ, რომ სარეკლამო ბილბორდი ეკუთვნის კომპანია „სტილ“-ს, ხოლო ბანერის დამკვეთი გახლავს კომპანია Qnet-ი. აღნიშნულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს რუკა გამოსახულია დამახინჯებულად, კერძოდ, არ არის დატანილი აფხაზეთი და ასევე, მიგვაჩნია, რომ მიზანმიმართულად არის გადაფარული სამაჩაბლოს ტერიტორია.
ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ზემოთხსენებულ სარეკლამო ბილბორდთან საპროტესტო აქცია გავმართეთ ორჯერ და საპატრულო პოლიციას ორივე შემთხვევაში მივმართეთ საჩივრით, რომელთა ასლები გადმოგვცეს აღნიშნული სამართალდამცავი ორგანოს მთავარ სამმართველოში, რაც შემდგომ მერიაში შეტანილ წერილს დავურთეთ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისში ორ ლოკაციაზე განთავსებული, დამახინჯებული სახით დაბეჭდილი საქართველოს რუკის ზუსტად იგივე ფოტო, ზუსტად იმავე დღეს, გამოქვეყნდა კომპანია Qnet-ის ერთ-ერთი რუსული ფილიალის სოციალური ქსელის - Facebook-ის გვერდზე და ასევე გამოქვეყნდა ჟურნალ National Geographic-ის რუსული გამოცემის ნოემბრის ნომერში. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტები კიდევ უფრო გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის, და ლოგიკურად ვერც იქნება.
ჩვენი ორგანიზაციის წევრებს ჰქონდათ შეხვედრა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან, სადაც საკითხის განხილვისას კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ ჩვენი და საზოგადოების მრავალი წევრის აღშფოთებისა და პროტესტის მიზეზი და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბანერის განთავსებით არც კომპანია Qnet-ი და არც სარეკლამო კომპანია „სტილი“ არ არღვევენ „კანონს რეკლამის განთავსების შესახებ“, ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები, უფლებას ვიტოვებთ, დავა გავაგრძელოთ სამართლებრივ ჩარჩოებში და მოვიშველიოთ „კანონი ტერიტორიული მთლიანობისა“ და „კანონი საქართველოს საზღვრების შესახებ“.
სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიული საზღვრების და/ან ტერიტორიული მთლიანობის ამსახველი კონტურები, რაც წარმოჩენილი და დამტკიცებულია რუკის სახით, არ არის კანონმდებლობით დადგენილი როგორც სიმბოლიკა, რომლის დარღვევაც დასჯადი იქნებოდა, თუმცა, ფაქტია, რომ ზემოთხსენებულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს რუკა, ისეთი ფორმით, როგორიც ის დადგენილი და აღიარებულია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, წარმოდგენილია დარღვევით - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილის გარეშე, გარდა ამისა, სრულიად შეუსაბამოა სარეკლამო ბანერზე მოცემული კონტური საქართველოს რუკის რეალურ კონტურთან.
შესაბამისად, იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა, პასუხისმგებლობა, აღშფოთება და პროტესტი კომპანია Qnet-სი მხრიდან საქართველოს სახელმწიფო რუკისა და საზღვრების მცდარი ფორმით წარმოჩენასთან დაკავშირებით, ვირჩევთ სამართლებრივ გზას და მივმართავთ წერილობით, რათა ქ. თბილისის მერიისა და მისი შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოხდეს რეაგირება და დაევალოს რეკლამის დამკვეთ კომპანია Qnet-ს მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდინოს ორივე ბანერის ჩანაცვლება ბანერებით, რომლებზეც საქართველოს რუკა დატანილი იქნება სწორი ფორმით, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღიარებულ საზღვრებში მოცემული კონტურის შესაბამისად.
აღნიშნული საკითხის მიმართ სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესისა და პროტესტის ნათლად წარმოსაჩენად, ვიწყბებთ ხელმოწერების შეგროვებას, რითაც თითოეული ჩვენგანი გამოხატავს აღშფოთბას კომპანია Qnet-ის ამ ქმედებასთან დაკავშირებით და აყენებს ზემოთხსენებული ბანერების ჩანაცვლების მოთხოვნას.
მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ კომპანია Qnet-ის სარეკლამო ბანერების ფოტო მასალას. ასევე მათ პარალელურად კომპანია Qnet-ის ერთ-ერთი რუსული ფილიალის სოციალური ქსელის - Facebook-ის გვერდზე ატვირთულ და ასევე ჟურნალ National Geographic-ის რუსული გამოცემის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ფოტომასალას, რომლებიც ერთმანეთის იდენტურია.
#ერთადგავაპროტესტოთრუსულიოკუპაცია #ერთადდავიცვათსაქართველოსტერიტორიულიმთლიანობა #ძალაერთობაშია!
პატივისცემით,
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“