საკონტაქტო ინფორმაცია
სპეციალური მასწავლებლის სტატუსის გათანაბრება მასწავლებლის სტატუსთან

დასრულებული

1056
1000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სპეციალური მასწავლებლის სტატუსის გათანაბრება მასწავლებლის სტატუსთან

ინკლუზიური განათლება, როგორც ზოგადი განათლების განვითარების პროცესი უზრუნველყოფს ყველა  ბავშვის, თუ მოზარდის ხარისხიან განათლებას სკოლამდელ, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების საფეხურზე იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა  თავისებურება ახასიათებთ მოსწავლეებს.

 

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება, რითაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება შშმ პირების მიმართ ორმაგად გაიზარდა. საქართველოს მთავრობისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის  მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციალური პედაგოგი, რომელიც ფლობს საჭირო კომპეტენციას სწავლების იმ მიდგომებს, მეთოდოლოგიასა და სტრატეგიებს რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  ჩართულობას და თანამონაწილეობას საგანმანათლებლო სივრცეში.  სპეციალური მასწავლებელი ქმნის და/ან ეხმარება საგნის მასწავლებელს/ებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლისათვის ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს სსსმ მოსწავლის სენსო-მოტორულ, კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას, სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისებას, ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას; მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და ინტეგრირებას სასწავლო პროცესში;

 

სპეციალური მასწავლებელი  საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/მეურვესთან ერთად მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაში, ხოლო სპეციალიზირებულ სკოლებში სსსმ მოსწავლეთა სწავლა/განვითარება მთლიანად დამოკიდებულია სპეციალურ მასწავლებელზე.

 

მიუხედავად დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებისა დღესდღეობით სპეციალურ მასწავლებლებს არ აქვთ საშუალება იყვნენ ორიენტირებულები პროფესიულ განვითარებაზე.  გარდა შინაგანი მოტივაციისა, მათ ასევე სჭირდებათ შრომის შესაბამისი ანაზღაურება და ყველა ის შეღავათი, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს დღეს საჯარო სკოლაში (მაგალითად., 40 დღიანი შვებულება, შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, სამუშაო საათების გაწერა და სხვა).

 

ამჟამად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მათი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრება მხოლოდ 280 ლარით (დარიცხული), ასევე დაბალია შრომითი ანაზღაურება სპეციალიზირებულ სკოლებში.  ვთვლით, რომ აღნიშნული დამოკიდებულება სპეც.მასწავლებლების  მიმართ დისკრინიმაციულია.

 

ამ პეტიციის ხელმომწერნი ვითხოვთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში  მოქმედ სპეციალურ მასწავლეთა ჩართვას „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ რაც გულისხმობს, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის გათანაბრებას მასწავლებლის სტატუსთან.

 

ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოში ინკლუზიური განათლების წარმატებით განხორციელებას,  რაც გაზრდის მოსწავლეთა/მოზარდთა სწავლების ხარისხს განათლების ყველა საფეხურზე.